„ბავშვთა სამყაროში“ ხანძრის შედეგად დაზარალებულებს „თიბისი ბანკი“ შეუქმნის ყველანაირ კომფორტს, რომ მათთვის მთავარი საფიქრალი თემა საბანკო ვალდებულება არ გახდეს , - ამის შესახებ „თიბისი ბანკის“ გენერალური დირექტორის მოადგილე ნიკოლოზ ქურდიანმა განაცხადა.
ქურდიანის თქმით, ძალიან სამწუხარო ფაქტი მოხდა და „თიბისი ბანკი“ ხანძრის შედეგად დაზარალებული კლიენტებისთვის ყველაზე შესაფერის მიდგომას განსაზღვრავს. მისივე განმარტებით, ბანკი, პირველ რიგში, დაზარალებული კლიენტების იდენტიფიკაციას მოხდენს და მათ დაუკავშირდება. თუ კლიენტი მანამდე თავად მიმართავს ბანკს, როგორც ქურდიანმა აღნიშნა, „თიბისი ბანკი“ მას საბანკო ვალდებულებების გასტუმრების მაქსიმალურად მორგებულ პირობებს შესთავაზებს.
„პირველ რიგში, ძალიან ვწუხვართ, რომ ასეთი მძიმე ფაქტი მოხდა. მსგავსი გამოცდილება, სამწუხაროდ, გასულ პერიოდში რამდენიმეჯერ გვქონდა, მაგალითად, 13 ივნისის წყალდიდობის დროს. ჩვენ ყველა ასეთ შემთხვევაში ერთნაირი მიდგომით ვხელმძღვანელობთ - კლიენტის დონეზე ვსაზღვრავთ მისთვის ყველაზე შესაფერის მიდგომას. ეს გამოიხატებოდა, ხშირ შემთხვევაში კრედიტის რესტრუქტურიზაციაში, გადახდის გრაფიკის ისეთ მორგებაში, რომელიც მისთვის ყველაზე ხელსაყრელი და მისაღები იყო. ჩვენ უკვე ვაკეთებთ იდენტიფიკაციას ამ ადამიანების, ვადგენთ სიებს, თუ ვინ დაზარალდა გუშინდელი ხანძრის შედეგად და დავგეგმავთ კონკრეტულ ნაბიჯებს. გავალთ მათთან კონტაქტზე და ისე გავაკეთებთ, რომ შევუქმნათ ყველანაირი კომფორტი, რომ ამ გაჭირვების მომენტში მათთვის მთავარი საფიქრალი თემა საბანკო ვალდებულება არ გახდეს“, - განაცხადა ნიკოლოზ ქურდიანმა.