ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში ტექდათვალიერებაზე ინტერესთა გამოხატვის წარდგენა დალუქული კონვერტით 2016 წლის 8 დეკემბერს დასრულდა. ახლა შეფასების პროცესს წარმართავს შესაბამისი სამთავრობო კომისია, რომელიც წარმოდგენილი წინადადებების შესწავლის საფუძველზე გამოავლენს გამარჯვებულს.
სანამ ტექდათვალიერების შესახებ დეტალები გახდება ცნობილი ტაქსის მძღოლები ღელავენ. არაოფიციალური მონაცემებით, ტაქსების რაოდენობა ჯამში დაახლოებით 50 ათასს შეადგენს, თუმცა ზუსტი რიცხვის დადგენა შეუძლებელია, ვინაიდან ამ ბიზნესს ქვეყანაში არავინ აკონტროლებს. ტაქსის მძღოლთა პროფკავშირების თავმჯდომარე ნანა ფილაური ფიქრობს, რომ ტექდათვალიერება აუცილებელია, თუმცა ის მძღოლებისთვის მაქსიმალურად უმტკივნეულო უნდა იყოს. ტარიფი უნდა იყოს ხელმისაწვდომი და დათვალიერებისა თუ ტესტირების პროცესიც მაქსიმალურად სწრაფი და ოპერატიული.
„ტექნიკური ინსპექტირების ტარიფი ბაზარზე მაქსიმალურად მორგებული და კონკურენტული უნდა იყოს. ყველა მძღოლს უნდა თავისი მანქანა უსაფრთხოების სტანდარტებს აკმაყოფილებდეს, თუმცა, როდესაც საქმე კატალიზატორისა და უშუალოდ ტექდათვალიერების ფასზე მიდგება, ნაწილს უშუალოდ ტექდათვალიერების გავლის ფასი ეძვირება (სავარაუდოდ, წელიწადში ერთხელ 30-50 ლარი იქნება მსუბუქი ავტომობილების შემთხვევაში), ხოლო ნაწილს კატალიზატორების ფასი აწუხებს. ჩვენი თხოვნა და რჩევა იქნება, მთავრობამ ტაქსის მძღოლებისთვის კატალიზატორების მონტაჟის განვადების რეჟიმი აამუშაოს,“ - განაცხადა ნანა ფილაურმა.
ტაქსის მძროლების პრობლემებსა თუ მოთხოვნებს ნაწილობრივ იზიარებს ავტოიმპორტიორთა კავშირის ხელმძღვანელი მიხეილ ალხანიშვილი. თუმცა იმასაც დასძენს, რომ ტაქსის თუ ჩვეულებრივი მძღოლების ინტერესს არ უნდა ეწირებოდეს, ერთი მხრივ, მთელი ქვეყნის ეკოლოგიური მდგომარეობა, ხოლო მეორე მხრივ, მგზავრთა მოძრაობის უსაფრთხოება.
„ავტოსატრანსპორტო საშუალების გზისთვის ვარგისობაზე სავალდებულო პერიოდული ტესტირება, ანუ იგივე ტექდათვალიერება სხვადასხვა ტექნიკური ოპერაციებისა და პროცედურების ერთობლიობაა, რომლის მეშვეობითაც გარკვეული პერიოდულობით დგინდება მანქანის უსაფრთხოების ძირითადი ელემენტების ტექნიკური მდგომარეობა და ატმოსფერულ ჰაერში გაფრქვეულ გამონაბოლქვში მავნე ნივთიერებათა შემადგენლობა. შეუძლებელია თავმოყვარე ერმა ამაზე უარი თქვას ან თავი შეიკავოს. არანაირი ბიზნესინტერესი არ უნდა იყოს ადამიანის უმთავრეს უფლებაზე, სიცოცხლის უფლებაზე უზენაესი,“ - ამბობს ალხანიშვილი.
დღეისათვის ქვეყანაში ავტოსატრანსპორტო საშუალებების ტესტირებას ანხორციელებს 24 აკრედიტებული ტესტირების ცენტრი, მაგრამ მათი სიმძლავრეები შესაძლოა საკმარისი არ აღმოჩნდეს საქართველოში სრულმასშტაბიანი ტესტირების დაწყებისათვის. სწორედ ამიტომ მიმდინარეობდა ტექნიკურ რეგლამენტებში გარკვეული ცვლილებების და დამატებების განხორციელება, თუმცა რაიმე კონკრეტული გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის და ამ ეტაპზე არ არის გარკვეული, თუ რომელი კომპანიები ჩაერთვება ამ პროცესში ან რა სახის ცვლილებებს განიცდის ზემოაღნიშნული რეგლამენტი.
ავტორი: ბელა გელაშვილი