„ბილაინი“ სახელმწიფო სტრუქტურების კორპორაციული მომსახურების მიზნით გამოცხადებული კონსოლიდირებული ტენდერის პირობებს ვერ აკმაყოფილებს , - როგორც bpn-ისთვის გახდა ცნობილი, ამის შესახებ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ წერილით აცნობა.
კერძოდ, საუბარია, მთელი საქართველოს მასშტაბით, მესამე თაობის - 3G მომსახურებაზე, რასაც „ბილაინი“ ამ ეტაპზე ვერ ახორციელებს.
აღნიშნული ინფორმაციის გადასამოწმებლად, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარე ლევან რაზმაძეს დავუკავშირდით, რომელიც კომუნიკაციების ეროვნული კომისიისგან მსგავსი შინაარსის წერილის მიღებას ადასტურებს.
როგორც რაზმაძემ განგვიმარტა, ამ ეტაპზე მოწმდება „ბილაინის“ მიერ წარმოდგენილი წინადადების შესაბამისობა, 2017-2018 წლებში სახელმწიფო სტრუქტურების კორპორაციული მომსახურების მიზნით გამოცხადებული კონსოლიდირებული ტენდერის პირობებთან.
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის ვარაუდით, იმ შემთხვევაში, თუ სატენდერო კომისია, კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წერილის გათვალისწინებით, მიიღებს გადაწყვეტილებას, პრეტენდენტის დისკვალიფიკაციის შესახებ, სახელმწიფო სტრუქტურებისთვის კორპორაციული მომსახურების შესყიდვის მიზნით, ტენდერი ხელახლა გამოცხადდება.
სახელმწიფო სტრუქტურების კორპორაციულ მომსახურებას ამ დრომდე 2016-2017 წლის კონსოლიდირებული ტენდერის ფარგლებში, კომპანიები “მაგთიკომი” და “ჯეოსელი” უზრუნველყოფენ.