უკვე ერთი თვეა, რაც ძველი და მარჯვენასაჭიანი ავტომობილების აქციზი გაძვირდა. გაიაფდა ჰიბრიდული მანქანებისა და ელექტრომობილების განბაჟება. დიმიტრი ქუმსიშვილის განმარტებით, ამით ხელისუფლება ბიუჯეტში შემოსავლების მობილიზებას, მოძველებული ავტოპარკის განახლებას და ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებას ცდილობს. რუსთავის ავტობაზრობის ადმინისტრაცია კი ამტკიცებს, რომ ავტომობილები 15-20%-ით უკვე გაძვირდა. ავტობაზრობის გენერალურმა დირექტორმა ის სქემაც გაგვაცნო, რომელსაც უახლოესი ერთი წლის მანძილზე გაივლის საავტომობილო ბაზარი. მისი თქმით, იგივე პროცესი ამ სფეროში უკრაინამ რამდენიმე წლის წინ გაიარა.
„დასაწყისში სახეზე გვექნება ე.წ. ბაზრის გაყინვა. აქტივობა შეჩერდება, რადგან ხალხი დაბნეულია, არ იცის რა ქნას. შემდეგ დაიწყება მოთხოვნის ვარდნა. სიძვირის გამო ხალხი თავს შეიკავებს ყიდვისგან, თუმცა ვისაც 2-3 ათასი დოლარის ფარგლებში მანქანის შეძენა სურს, ის მაინც შეიძენს და თუ რომელ მანქანაზე შეაჩერებს ის არჩევანს, დამოკიდებული იქნება დილერების აქტიურობისა და პროდუქტის მიწოდების ხარისხზე. მომხმარებელი იყიდის იმას, რასაც დილერები შესთავაზებენ,“ - განაცხადა ევგენი უსტინოვმა.
მანქანის ბეგარის სიდიდე მის გამოშვების თარიღსა და ძრავის მოცულობაზეა დამოკიდებული. ჰიბრიდული ავტომობილების ტარიფი მნიშვნელოვნად შემცირდა. ელექტრომობილების იმპორტი გადასახადისგან გათავისუფლდა. ავტოიმპორტიორთა კავშირის დირექტორის, მიხეილ ალხანიშვილის თქმით, სალიცენზიო შეღავათები სტიმული გახდება ქვეყანაში თანამედროვე გამართული ეკოლოგიურად სუფთა ჰიბრიდებისა და თუ ელექტრომობილების რიცხვის ზრდისთვის.
„ჩემი ინფორმაციით, ელექტრომობილების რიცხვი 100-ს არ სცდება. ამის მიზეზი შესაბამისი ინფრასტრუქტურის არქონაა. სამაგიეროდ, გაორმაგებულია მოთხოვნა ჰიბრიდულ ავტომანქანებზე. სახელმწიფოს მხრიდან კომპლექსური გეგმა და მიდგომაა საჭირო. პირველ ეტაპზე აუცილებელია ტექდათვალიერების სისტემის სწორი ფორმირება. ელექტრომობილებისთვის აუცილებელი ინფრასტრუქტურის მოწყობაზე მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება ვიფიქროთ,“ - განაცხადა მიხეილ ალხანიშვილმა.
მოქალაქეთა უმეტესობა კი ფიქრობს,რომ ქვეყანაში საშუალოშემოსავლიანი მოქალაქის მსყიდველობითი უნარი ავტომობილის შესაძენად ჯერ კიდევ დაბალია. ამიტომ ჰიბრიდული და ელექტრომანქანები მისთვის ჯერ კიდევ ფუფუნებად ითვლება. ამ მოსაზრებას არ ეთანხმება ავტოიმპორტიორთა კავშირი. ორგანიზაციაში განაცხადეს, რომ მართალია, როგორც ელექტრო ისე ჰიბრიდული ავტომობილი ძვირადღირებული სეგმენტია და ქართველი მომხმარებელი ჯერჯერობით ფუფუნებად თვლის, თუმცა ვისაც 5-დან 10 ათას დოლარამდე კაპიტალი აქვს, მას შეუძლია ჰიბრიდის ყიდვა. ასეთი კი საქართველოში ცოტა ნამდვილად არაა. ამ მოსაზრებას ამყარებს იმპორტიორი კომპანიის „ავტოინდუსტიის“ ვაჭრობის ბოლო თვის მონაცემებიც. კომპანია, რომელიც 9 წელია ბაზარზეა, ამტკიცებს, რომ ქართველი მომხმარებელი თანდათან გადადის ჰიბრიდულ ავტომობილებზე, რაზეც გაზრდილი მოთხოვნა მეტყველებს. კომპანიას ელექტრომობილები კი იმპორტიორებს ძირითადად რუსეთში, სომხეთსა და აზერბაიჯანში რეექსპორტისთვის ჩამოჰყავთ. ავტოიმპორტიორთა კავშირში კი იმედი აქვთ, რომ ჰიბრიდული ავტომობილების წილი კიდევ უფრო გაიზრდება საქართველოში და გარემოზე ზრუნვა დღითიდღე უფრო პოპულარულ ტენდენციად იქცევა.
ავტორი: ბელა გელაშვილი