ვის ეკუთვნის „ბავშვთა სამყარო“?

”ბავშვთა სამყაროს” დირექტორი, გიორგი მაჭავარიანი „პალიტრანიუსის“ გადაცემაში ”360 გრადუსი” სავაჭრო ცენტრის აქციონერთა შესახებ გავრცელებულ სხვადასხვა ინფორმაციას გამოეხმაურა.

მან უარყო „ბავშვთა სამყაროში“ გაჩენილი ხანძრის შემდეგ გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს ერთ-ერთი აქციონერი ბიზნესმენი ბიძინა ივანიშვილი იყო.

როგორც მაჭავარიანი აღნიშნავს, სააქციო საზოგადოებას „სავაჭრო სახლი ბავშვთა სამყარო“, ჯამში 93 აქციონერი ჰყავს, რაც მის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციითაც დასტურდება.

სააქციო საზოგადოება „სავაჭრო სახლი ბავშვთა სამყარო“-ს ფასიანი ქაღალდების რეესტრის ამონაწერის თანახმად, 93 აქციონერიდან ყველაზე მეტს - აქციათა 41.05%-ს დიმიტრი აბდუშელიშვილი ფლობს; 5.11% - თენგიზ ლოლაძეს, 5.01% - მაყვალა ომაძეს და 5.1%-იც თავად გიორგი მაჭავარიანს ეკითვნის. რაც შეეხება დანარჩენებს, მათ საკუთრებაში შედარებით მცირე რაოდენობის ფასიანი ქაღალდია.

2017 წლის 31 იანვრის მდგომარეობით, სააქციო საზოგადოება „ბავშვთა სამყაროს“ საწესდებო კაპიტალი 335 280 დოლარს შეადგენდა; 1 ფასიანი ქაღალდის ნომინალური ღირებულება კი 60 დოლარი იყო.

სავაჭრო ცენტრ „ბავშვთა სამყაროსა“ და მიმდებარე ტერიტორიაზე ხანძარი 29 იანვარს ღამით გაჩნდა. შედეგად, „ბავშვთა სამყაროს“ შენობა მთლიანად განადგურებულია. დამწვარია ათეულობით მოვაჭრის სავაჭრო ინვენტარი და პროდუქცია. გამოწვეული ზარალი ჯერჯერობით უცნობია.

იხილეთ ვიდეო PALITRANEWS-ზე