„ბავშვთა სამყაროს“ ერთ-ერთი აქციონერი შენობის დემონტაჟს ეწინააღმდეგება

სააქციო საზოგადოება „ბავშვთა სამყაროს“ ერთ-ერთი აქციონერი მაყვალა ომაძე შენობის დემონტაჟს ეწინააღმდეგება.

როგორც მაყვალა ომაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, სასწრაფოდ უნდა ჩატარდეს აქციონერთა კრება. ამასთან, იგი ”ბავშვთა სამყაროს” სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეს მერაბ ასათიანსა და მის სიძეს, ბავშვთა სამყაროს დირექტორს გიორგი მაჭავარიანს ზეწოლაში ადანაშაულებს.

„რაც შეიძლება სწრაფად უნდა ჩატარდეს სააქციო საზოგადოების კრება. აქციონერებს მოვუწოდებ რომ მოვიდნენ, ჩავატაროთ კრება. არავითარ დემონტაჟზე არ უნდა იყოს ლაპარაკი, დემონტაჟი გაკეთდება თუ არა, არავის აღარ გვექნება აქციები, მიწასთან გასწორდება ყველაფერი და დაგვრჩება ის შავი მიწა, მეტი არაფერი. ამიტომ ჩატარდეს კრება. პირადად მე, მაჭავარიანს უნდობლობას ვუცხადებ, ვიცი რომ ცრუ პიროვნებაა. დამანებოს თავი, ნუ მაშინებს. მე თუ რამე დამემართა, მაჭავარიანისა და ასათიანის ბრალი იქნება. ვიცი სასიკვდილოდ დამდევენ“, - განაცხადა მაყვალა ომაძემ.

ამასთან, იგი დარწმუნებულია, რომ შენობა დაზღვეული არ არის. ომაძე ამბობს, რომ მას აქვს ცხრა თვის მონაცემები, საბუთები, სადაც დაზღვევის შესახებ ინფორმაცია არ ფიქსირდება.

„თუ შენობა დაზღვეული იყო, სააქციო საზოგადოებიდან რომ საბუთებს ვიღებდი, იქ რატომ არ ფიქსირდება. აღებული გვაქვს ცხრა თვის მონაცემები, რომლებსაც ხელს აწერენ მაჭავარიანი და ასათიანი. იქ არსად ჩანს დაზღვევის გადასახადი, ფორმა, ხომ უნდა იყოს სადმე“, - განაცხადა მაყვალა ომაძემ.

”ბავშვთა სამყაროს” აქციონერი საქართველოს პრეზიდენტს, პრემიერ-მინისტრს და შესაბამის ორგანოებს სთხოვს საკითხი კონტროლზე დააყენონ და მომხდარი თავიდან ბოლომდე გამოძიებული იყოს.