სავაჭრო ცენტრ „ბავშვთა სამყაროში“ მომხდარი ხანძრის შედეგად 13 000 კვადრატული მეტრია დამწვარი , - ამის შესახებ ჟურნალისტებს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციათა მართვის სააგენტოს თბილისის სამმართველოს უფროსის მოადგილემ დავით გელაშვილმა განუცხადა.
მისი თქმით, დამწვარ ტერიტორიაში შედის როგორც თვითონ შენობა, ასევე შენობის მიმდებარე ბაზრობების ტერიტორია.
„მიმდინარეობს ცალკეული ლოკალური კერების დაქრობითი სამუშაოები, მობილიზებულია ამ მომენტისთვის 7 სახანძრო მანქანა და 80-მდე მეხანძრე-მაშველი, რომლებიც უსაფრთხოებას უზრუნველყოფენ. 13 000 კვ.მეტრია დამწვარი“, - განაცხადა გელაშვილმა.
მისივე თქმით, უსაფრთხოების გამო შენობაში შესვლა კატეგორიულად აკრძალულია.
„შენობის არამდგრადი მდგომარეობის გამო შიგნით შესვლა კატეგორიულად აკრძალულია, არ არის გამორიცხული, დარჩენილი იყოს ცალკეული ლოკალური კერები, 13 000 კვადრატული მეტრის გაკონტროლება კვადრატულ მეტრებად შეუძლებელია. არსებული ტექნიკა და მეხანძრე-მაშველები აქ სწორედ უსაფრთხოების გამო იმყოფებიან. დაზარალებულების შეშვება-არშეშვება ჩემს კომპეტენციას აღემატება, თუმცა ვაცხადებ, რომ შენობაში შესვლა არის ძალიან საშიში, რადგან შენობა არ არის უსაფრთხო და ნებისმიერ წამს შესაძლებელია რაიმე ჩამოვარდეს ან ჩამოინგრეს. უსაფრთხოების თვალსაზრისით შეუძლებელია ამ შენობაში შესვლა“, - განაცხადა დავით გელაშვილმა.