აქციონერი - ”ბავშვთა სამყაროს” სააქციო საზოგადოების ხელში ჩაგდებას და 10-მილიონიანი ინვესტიციის ჩადებას აპირებდნენ

სს ”ბავშვთა სამყაროს” ერთ-ერთი აქციონერი თენგიზ ლოლაძე აცხადებს, რომ სააქციო საზოგადოების სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე მერაბ ასათიანი და მისი სიძე , ”ბავშვთა სამყაროს” დირექტორი გიორგი მაჭავარიანი აქციონერების გაშვებითა და სააქციო საზოგადოების ხელში ჩაგდებით იყვნენ დაინტერესებული.

როგორც თენგიზ ლოლაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, მათ უკან იდგა მსხვილი აქციონერი დიმიტრი აბდუშელიშვილი, რომლის მიერ შეძენილი წილი ოფშორულ ზონაში გაფორმდა.

ლოლაძე აცხადებს, რომ სამეთვალყურეო საბჭო ფიქტიური იყო, რადგან სიმამრი სიძეს არ შეამოწმებდა.

”დაინტერესებული იყვნენ აქციონერების გაშვებით, რომ ხელში ჩაეგდოთ მთლიანად სააქციო საზოგადოება. აპირებდნენ ინვესტიციის შემოტანას და ახალი შენობის აშენებას, რაც შეამცირებდა დანარჩენ აქციონერთა ხვედრით წილს და ასე ჩაიგდებდნენ ხელში ”ბავშვთა სამყაროს”, ეს სურდათ. დარწმუნებული ვიყავით, ყველანაირი გზით ეცდებოდნენ ამის გაკეთებას. ეს ბადებს ეჭვს. მაკეტი წარმოგვიდგინეს, მეორე ტერიტორია უნდა ავაშენო, ინვესტორი ვნახე, 10 მილიონს შემოიტანსო. იცოდა, რომ ჩვენ ჩვენს წილს, ვერავინ ვეღარ ვიყიდდით, ამიტომ, ჩვენი 49% გახდებოდა 0% და ამ თანხაში ჩვენი წილი აღარაფერი იქნებოდა. მათ უკან იდგა მსხვილი აქციონერი. სამეთვალყურეო საბჭო ფიქტიური იყო, რა შემოწმება უნდა გაეკეთებინა სიმამრს სიძის? თავისი მეგობარი მოიყვანეს და ვინც რაღაც კონტროლს ვახორციელებდით, ჩვენ გამოგვყარეს. მსხვილი მეპატრონეა დიმიტრი აბდუშელიშვილი, რომელმაც თავდაპირველად 22.5% შეიძინა, რაც ოფშორულ ზონაში, კვიპროსში გაფორმდა”, - აღნიშნა თენგიზ ლოლაძემ.

რაც შეეხება ხანძრის გაჩენის მიზეზებს, თენგიზ ლოლაძეს არ ჰგონია, რომ ხანძარი შემთხვევით გაჩნდა.

”ალბათ რაღაც განზრახვა იყო, რომ დამწვარიყო. ამის მტკიცება, რა თქმა უნდა ძნელია, და ვერავის ხელს ვერ დაადებ, მაგრამ გამოჩნდება ვის ინტერესში იყო. გამოჩნდებიან ინვესტორები, რაღაც შემოთავაზებებს გაგვიკეთებენ ალბათ, რომ მიწა შეისყიდონ, რაღაც გააკეთონ, გამოჩნდება ვინ არის დაინტერესებული”, - აღნიშნა თენგიზ ლოლაძემ.