გადასახადებთან დაკავშირებით, რაიმე სახის ცვლილების ინიცირება არ იგეგმება, ცვლილება შესაძლოა შეეხოს ჩანაწერს, საპენსიო შენატანებთან დაკავშირებით, - ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციის განცხადებაშია ნათქვამი. ადმინისტრაცია ეხმაურება დეპუტატ გია ჟორჟოლიანის განცხადებას, რომელმაც აღნიშნა, რომ გადასახადების ზრდას რეფერენდუმი არ უნდა სჭირდებოდეს.
”გვსურს, გამოვეხმაუროთ გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს, კონსტიტუციაში, გადასახადებთან დაკავშირებით, რაიმე სახის ცვლილების ინიცირება იგეგმება. საქართველოს მთავრობა არ აპირებს არანაირი ცვლილებების ინიცირებას საქართველოს კონსტიტუციაში, რომელიც უკავშირდება ახალი სახის საერთო-სახელმწიფოებრივი გადასახადის შემოღებას, ან არსებული გადასახადის განაკვეთის ზრდისთვის, რეფერენდუმის გაუქმებას. საქართველოს მთავრობის პოზიციაა, რომ კონსტიტუციით მოქმედი აღნიშნული ნორმები სრულ თანხვედრაშია ქვეყნის ეკონომიკური განვითარების სტრატეგიასთან და მის შეცვლას სახელისუფლებო გუნდი არ განიხილავს. ერთადერთი ცვლილება, შესაძლოა, შეეხოს ჩანაწერს, საპენსიო შენატანებთან დაკავშირებით, რათა ის არ ჩაითვალოს ახალ გადასახადად”, - ნათქვამია მთავრობის ადმინისტრაციის განცხადებაში.