„საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელი დირექტორის, დავით საგანელიძის ხელმძღვანელობით, უნგრეთში ფონდის დელეგაციის სამუშაო ვიზიტი დასრულდა.როგორც „საპარტნიორო ფონდიდან“ იუწყებიან, ფონდის დელეგაციამ ბუდაპეშტში დაგეგმილ Hotel Investment Conference CEE&Caucasus-ში მიიღო მონაწილეობა. HOTCO-ს ფარგლებში კონფერენცია სასტუმროების ინდუსტრიას მიეძღვნა და საკონსულტაციო კომპანია Horwarth HTL-ის ორგანიზატორობით ბუდაპეშტში პირველად გაიმართა.
კონფერენციაში მონაწილეობდნენ მსოფლიოში ცნობილი სასტუმროს ოპერატორი კომპანიები, როგორიცაა: ჰილტონი, მერიოტი, აკორი, ჰაიატი, და სხვ. კონფერენციას ესწრებოდნენ ბუტიკ სასტუმროებისა და სხვა ქსელური სასტუმროების წარმომადგენლები, ასევე, ინვესტორები, რომლებიც სასტუმროების ინდუსტრიაში კაპიტალდაბანდებით არიან დაიტერესებულნი. კონფერენცია კავკასიასა და აღმოსავლეთ ევროპაში უძრავი ქონების განვითარებას და ინვესტირებას მიეძღვნა.
საპარტნიორო ფონდის წარმომადგენლებმა უცხოელ ინვესტორებს საქართველოს უძრავი ქონების შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს და ფონდის მიერ ამ სექტორში უკვე განხორციელებული, მიმდინარე და დაგეგმილი პროექტების შესახებ გააკეთეს პრეზენტაცია. კონფერენციაზე საქართველოს ტურისტული შესაძლებლობები და ამ სფეროს განვითრების სამომავლო პერსპექტივები განიხილეს. ღონისძიებაზე საუბარი შეეხო რეგიონებში სასტუმროების განვითარების შესაძლებლობას, მათ შორის, წყალტუბოს, როგორც ბალნეოლოგიური კურორტის აღორძინება/განვითარებას და რაჭის ტურისტული ზონის განვითარების შესაძლებლობებს. ქართულმა დელეგაციამ კონფერენციის ფარგლებში შეხვედრები გამართა იმ დეველოპერი და ინვესტორი კომპანიების პირველ პირებთან, რომლებიც უძრავი ქონების სექტორში მოღვაწეობენ. შეხვედრა შედგა სამშენებლო კომპანია „კეშთან“. უნგრული კომპანია საქართველოს ბაზრით დაინტერესდა. შეხვედრაზე მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს.
ოფიციალური შეხვედრა შედგა უნგრეთის „ექსიმბანკის“ წარმომადგენლებთან. შეხვედრაზე ის კონკრეტული პროექტები განიხილეს, სადაც, „საპარტნიორო ფონდის“ ინფორმაციით, ორმხრივი თანამშრომლობის პერსპექტივა არსებობს. ფონდის დელეგაციის წევრებმა „ექსიმბანკის“ წარმომადგენლებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს და სამომავლო თანამშრომლობის ფორმატზე შეთანხმდნენ. შეხვედრა გაიმართა ასევე Hungarian Trading House-ის წარმომადგენლებთან. უნგრეთის ეროვნული სავაჭრო სახლი (MNKH) ხელს უწყობს ბიზნესის განვითარებას, ქვეყნებს შორის სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავებასა და ინვესტორების მოზიდვას ხელსაყრელი ბიზნესპროექტების განსახორციელებლად.