დიდთოვლობამ შიდა ქართლის სოფლებში პრობლემები შექმნა. უხვი ნალექის გამო, ხაშურის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელში საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა შეფერხდა.
ცოცხნარას, ქემფერის, ოძისისა და ნარვანის მცხოვრებლებს სურამის მიმართულებით გადაადგილებისას გზის ხუთკილომეტრიანი მონაკვეთის გავლა ფეხით უწევთ. ,,დიდთოვლობისას, როცა ავტობუსი სოფლამდე ვერ მიდის, ფეხით სიარული გვიწევს. ბევრი ვერ ახერხებს, რომ ტაქსით ისარგებლოს, ამიტომ, რთული გზის მიუხედავად, იძულებულია ფეხით იაროს. გზის რამდენიმე მონაკვეთი ტყეზე გადის, ბევრი მხეცია, განსაკუთრებით, მგლებია მრავლად, ამიტომ, მარტო სიარულს ყველა ერიდება, ვცდილობთ, რამდენიმე ადამიანმა ერთად ვიაროთ. მე ოძისის სკოლის პედაგოგი ვარ, ჩემი მცირეწლოვანი გოგონაც ამავე სკოლაში დამყავს, ხაშურში ვცხოვრობთ და ყოველდღიურად გვიწევს ოძისში სიარული, უამინდობისას კი, ხშირად - ფეხით. სურამის პირველი სკოლის იმ მოსწავლეებს, რომლებიც სოფელ ცოცხნარადან დადიან, სასკოლო ავტობუსი ემსახურებათ, თუმცა, გუშინ და დღეს, საზოგადოებრივი ტრანსპორტის გარდა, ვერც ის ავტობუსი ამოვიდა სოფელში“, – განაცხადა ნანა ლომიძემ.
ხაშურის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელში თოვლის საფარი ერთ მეტრს აღწევს. მუნიციპალიტეტის გამგებელი, გიორგი გურასპაშვილი აცხადებს, რომ სასოფლო გზები ინტენსიურად იწმინდება. ,,თითქმის ყველა გზა მუდმივად იწმინდება, ფაქტობრივად, ყველა სოფლამდე მისვლა შესაძლებელია. გარდა ამისა, როცა მოსახლეობა გვიკავშირდება და ინფორმაციას გვაწვდის კონკრეტულ მონაკვეთზე არსებული სირთულის თაობაზე, მყისიერ რეაგირებას ვახდენთ, თუმცა, საზოგადოებრივ ტრანსპორტთან დაკავშირებით, სხვა მიზეზებიც არსებობს, ზოგი ავტობუსი ზამთრის შესაბამისად არაა ტექნიკურად მზად და ვფიქრობ, ესეც იწვევს შეფერხებას“, - აღნიშნა გურასპაშვილმა.