კონსტიტუციაში შეიძლება დაგვჭირდეს მხოლოდ და მხოლოდ განმარტება, რომ საპენსიო შენატანი გადასახადად არ ჩაითვალოს , - ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა.
როგორც გახარიამ დეპუტატ გია ჟორჟოლიანის ინიციატივაზე კომენტირებისას განაცხადა, გადასახადების ზრდის საკითხი და ამ მიმართულებით საკონსტიტუციო ცვლილებების განხორციელება დღის წესრიგში არ დგას.
„დღეს მთავრობაში მსგავსი თემა არ განიხილება. ჩვენი ეკონომიკური პოლიტიკა სრულ თანხვედრაშია კონსტიტუციის იმ ნორმებთან, რომლებიც დღეს მოქმედებს. ჩვენ ძალიან კარგად გვესმის, რა მნიშვნელობა აქვს სტაბილურობის შეგრძნებას, განსაკუთრებით საგადასახადო ნაწილში, პირდაპირი უცხოური ინვესტიციებისთვის. ეს თემა დღეს დღის წესრიგში არ დგას არც გადასახადების ზრდის და არც საკონსტიტუციო ცვლილებების შეტანის ჭრილში“, - განაცხადა გახარიამ.
ეკონომიკის მინისტრის განმარტებით, ერთადერთი ცვლილება, შესაძლოა, შეეხოს ჩანაწერს, საპენსიო შენატანებთან დაკავშირებით, რომ ის არ ჩაითვალოს ახალ გადასახადად.
„დაანონსებულია, რომ ქვეყანაში იწყება საპენსიო რეფორმა. სწორედ საპენსიო რეფორმის შენატანების შეფასებაზე საუბრობდა პრემიერი. იმის გამო, რომ არ მოხდეს ამ რეფორმის რისკის ქვეშ დაყენება, გასაჩივრების სხვადასხვა მექანიზმების გამოყენებით, შეიძლება საჭირო იყოს მხოლოდ და მხოლოდ განმარტება, რომ ეს არ არის გადასახადი. ამაზეა საუბარი და არანაირად არ ეხება გადასახადების სხვა ძირითადი ფორმების ცვლილებას. არსებობს რისკი, რომ საპენსიო რეფორმისთვის სავალდებულო პირველ ეტაპზე შენატანები შეფასებული იყოს, როგორც გადასახადი. შესაბამისად, შეიძლება გამოჩნდეს ვინმე, ვინც მოინდომებს ამის გასაჩივრებას. ჩვენ უბრალოდ, საპენსიო რეფორმას, როგორც ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანეს რეფორმას, ვაზღვევთ და ამისთვის შეიძლება საკონსტიტუციო განმარტება დაგვჭირდეს“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.