დამატებული ღირებულების გადასახადით ავანსის დაბეგვრის ინსტრუქცია ბიზნეს სექტორთან კონსულტაციების შედეგად დამტკიცდება, - ამის შესახებ ფინანსთა სამინისტროდან იუწყებიან.
უწყების ინფორმაციით, მთავრობასა და ბიზნესს შორის საგადასახადო კანონმდებლობასთან დაკავშირებულ საკითხებზე აქტიური კომუნიკაცია გრძელდება. დღეს ფინანსთა მინისტრის მოადგილე ლაშა ხუციშვილი ნავთობიმპორტიორთა ასოციაციის წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრაზე საუბარი შეეხო დამატებული ღირებულების გადასახადით ავანსის დაბეგვრის საკითხებს.
როგორც ფინანსთა მინისტრის მოადგილე ლაშა ხუციშვილმა აღნიშნა, შემუშავებულია დამატებული ღირებულების გადასახადით ავანსის დაბეგვრის ინსტრუქციის სამუშაო ვერსია და ფინანსთა სამინისტროსთვის მნიშვნელოვანია, დოკუმენტის საბოლოო დამტკიცებამდე, მაქსიმალურად იყოს გათვალისწინებული ბიზნესის შენიშვნები და წინადადებები.
„გრძელდება ტრადიცია, როდესაც კანონის, კანონქვემდებარე აქტების შემუშავების პროცესში, ფინანსთა სამინისტროსთან ერთად აქტიურადაა ჩართული ბიზნესი. დღეს შევხვდით ნავთობიმპორტიორთა ასოციაციის წარმომადგენლებს და ვისაუბრეთ დამატებული ღირებულების გადასახადით ავანსების დაბეგვრის ინსტრუქციის სამუშაო ვერსიასთან დაკავშირებით. აღნიშნული ინსტრუქცია გამოქვეყნებულია შემოსავლების სამსახურის ვებგვერდზე. ჩვენ ერთი კვირის განმავლობაში დაველოდებით ბიზნესის მხრიდან გამოთქმულ კომენტარებს და შენიშვნებს და საბოლოოდ, კანონქვემდებარე აქტი სწორედ ბიზნესთან კონსულტაციების შემდეგ დამტკიცდება,“ - აღნიშნა ფინანსთა მინისტრის მოადგილე ლაშა ხუციშვილმა.
„ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა ასოციაციის“ თავმჯდომარის გიორგი კოტრიკაძის განცხადებით, ასოციაციას საუკეთესო კომუნიკაცია აქვს ფინანსთა სამინისტროსთან. წელს სხვადასხვა თემატურ საკითხზე უკვე მესამე შეხვედრა გაიმართა.
„ამ დიალოგის შედეგად, როგორც წესი, კონსენსუსს ვაღწევთ. ავანსების დღგ-ით დაბეგვრის ინსტრუქციის სამუშაო ვერსიასთან დაკავშირებითაც ჩვენი და ფინანსთა სამინისტროს შეხედულებები, გარკვეულწილად, დაემთხვა ერთმანეთს. ასოციაციაში შემავალი კომპანიები დეტალურად გაეცნობიან ინსტრუქციის სამუშაო ვერსიას, დარწმუნებული ვარ, ჩვენი შენიშვნები გათვალისწინებული იქნება და მივაღწევთ შედეგს, რომელიც ჩვენი ბიზნესისთვის სასარგებლო იქნება,“ - განაცხადა გიორგი კოტრიკაძემ.
სამინისტროს ინფორმაციით, დამატებული ღირებულების გადასახადით ავანსის დაბეგვრის ინსტრუქციის სამუშაო ვერსიის გასაცნობად, ფინანსთა სამინისტრო გააგრძელებს სხვადასხვა ბიზნეს გაერთიანებაში შემავალი კომპანიების დირექტორებთან და ფინანსურ მენეჯერებთან შეხვედრებს. დამატებული ღირებულების გადასახადით ავანსის დაბეგვრის ინსტრუქციის სამუშაო ვერსიის ნახვა შესაძლებელია ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ოფიციალურ ვებგვერდზე, შემდეგ ბმულზე - http://www.rs.ge/6259.