საერთაშორისო საფინანსო კორპორაცია (IFC) დაინტერესებულია, გააფართოოს საქმიანობა საქართველოში , - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილისა და IFC-ის ევროპისა და ცენტრალური აზიის დირექტორის, ტომაშ ტელმას შეხვედრაზე აღინიშნა.
როგორც მთავრობის ადმინისტარციიდან იუწყებიან, მხარეებმა საერთაშორისო საფინანსო კორპორაციისა (IFC) და მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით მიმდინარე პროგრამები და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს. საუბარი შეეხო სხვადასხვა სფეროში, მათ შორის ეკონომიკის, ენერგეტიკის, ინფრასტრუქტურისა და საფინანსო სექტორში IFC-ის ჩართულობის მნიშვნელობას.
ტომაშ ტელმას განცხადებით, საქართველოს აქვს დიდი საინვესტიციო პოტენციალი, რაც აისახა კიდეც მსოფლიო ბანკის ჯგუფის მიერ მომზადებულ კვლევაში “ბიზნესის წარმოება” (Doing Business). მისივე თქმით, კორპორაცია განიხილავს დამატებითი პროექტების მხარდაჭერის შესაძლებლობას.
”საქართველოს პრემიერ-მინისტრმა IFC-ის წარმომადგენლებს გააცნო საქართველოს მთავრობის რეფორმების დღის წესრიგი, რომლის მიზანია ქვეყნის სწრაფი განვითარება, მათ შორის ეკონომიკური ზრდის, მაკროეკონომიკური სტაბილურობისა და ბიზნესის სტიმულირების კუთხით. ყურადღება გამახვილდა ქვეყნის სივრცითი მოწყობის საკითხებზე და ტურიზმის განვითარების შესაძლებლობებზე. გიორგი კვირიკაშვილის განმარტებით, მისასალმებელია კერძო-საჯარო თანამშრომლობის (PPP) სფეროში IFC-ის ჩართულობა, როგორც ინვესტირების, ასევე ტექნიკური/საკონსულტაციო მიმართულებით”, - აცხადებენ მთავრობის ადმინისტრაციაში.
საერთაშორისო საფინანსო კორპორაცია (IFC) მსოფლიო ბანკის ჯგუფის წევრი და განვითარებაზე ორიენტირებული ყველაზე მსხვილი საერთაშორისო ინსტიტუტია, რომელიც ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში ინვესტიციებით და საკონსულტაციო მომსახურებით საქართველოში კერძო სექტორის განვითარებას უწყობს ხელს.
მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას ქართული მხრიდან, პირველი ვიცე-პრემიერი, ფინანსთა მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი გახარია დაესწრნენ.