ევროპარლამენტის მიერ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ კიდევ ერთი ეტაპი ევროკავშირის საბჭო გვრჩება - განმარტა ALLNEWS.GE-სთან საუბარში ევროკავშირში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ნატალია საბანაძემ. დიპლომატის თქმით, ევროკავშირის საბჭომ განხილვის გარეშე უნდა დაადასტუროს ევროპარლამენტის მიერ მიღებული გადაწყვეტილება.
"ამას დაახლოებით ერთი თვე სჭირდება, ამის შემდეგ პრეზიდენტებმა უნდა მოაწერონ ხელი, რის შემდეგაც გადაწყვეტილება გამოქვეყნდება ოფიციალურ ჟურნალში", - თქვა ნატალია სანაძემ.
დიპლომატის განმარტებით ვიზალიბერალიზაცია ოფიციალურ ჟურნალში გამოქვეყნების მომენტიდან 20 დღეში შევა ძალაში.
"თარიღების ზუსტად თქმა შეუძლებელია, რადგან როგორც ეს აქამდე მითქვამს დღის წესრიგი დგება თითოეული ნაბიჯის შემდეგ, ამიტომ ხვალინდელმა დღემ უნდა ჩაიაროს და დოკუმენტი საბჭოში უნდა დაბრუნდეს, იმიტომ რომ შეჩერების მექანიზმის ისევე, როგორც ჩვენთვის გამარტივებული სავიზო რეჟიმის მონიჭების გადაწყვეტილების თარგმნა, მიდის ყველა ენაზე, ასე ვთქვათ იურიდიული შემოწმება და მხოლოდ საბჭოს გადაწყვეტილების შემდეგ გვეცოდინება ზუსტად როდის შევა ვიზალიბერალიზაცია ძალაში", - განმარტა ქართველმა დიპლომატმა.
მისი თქმით, ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა დოკუმენტის რატიფიცირება არ უნდა მოახდინონ, შენგენის ზონაში მყოფ ნებისმიერ ქვეყნაში 90-დღიანი ვიზიტის განხორციელება კი ბიომეტრიული პასპორტის საშუალებით რაიმე დამატებითი პროცედურის გავლის გარეშე შეგვეძლება. იხილეთ გაგრძელება