საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ქვეყნის მოქალაქეებს მიმართავს, გააცნობიერონ ის ნეგატიური შედეგები, რომელიც შეიძლება მათ მიერ უვიზო მიმოსვლის რეჟიმის პირობების დარღვევას მოჰყვეს. ამის შესახებ ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში, რომელიც ევროპარლამენტის გუშინდელ გადაწყვეტილებას ეხება.
”გამომდინარე იქიდან, რომ უვიზო მიმოსვლის შეჩერების განახლებული მექანიზმი მესამე ქვეყნებიდან მიგრაციული ნაკადების მნიშვნელოვანი ზრდისა და ამასთან დაკავშირებული რისკებისა და საფრთხეების შემთხვევაში დაუყოვნებელი რეაგირების შესაძლებლობას ითვალისწინებს, მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს თითოეულმა მოქალაქემ გააცნობიეროს ის ნეგატიური შედეგები, რომელიც შეიძლება მოჰყვეს მათ მიერ უვიზო მიმოსვლის რეჟიმის პირობების დარღვევას. დარწმუნებული ვართ, საქართველოს მოქალაქეები განსაკუთრებული პასუხისმგებლობით მოეკიდებიან საკუთარ ვალდებულებებს უვიზო მიმოსვლის პირობებში და ზედმიწევნით დაიცავენ შესაბამის მოთხოვნებს და მიმღები ქვეყნების კანონმდებლობას”, - აცხადებენ საგარეო უწყებაში.