ტყიბულის მაღარომ, სადაც 1500 ადამიანია დასაქმებული და ქვანახშირის მოპოვება-გადამუშავება მიმდინარეობს, მუშაობა განაახლა. “საქნახშირში“ საწარმოო პროცესი გადაიარაღების გამო ნაწილობრივ შეჩერებული იყო.
როგორც “საქნახშირი ჯი-აი-ჯი ჯგუფში“ განაცხადეს, კომპანიამ შახტაში მიმდინარე წლის იანვარში მასშტაბური სარემონტო სამუშაოები განახორციელა. “საქნახშირი ჯი-აი-ჯი ჯგუფის“ ინფორმაციით, შეიცვალა 700 მეტრამდე სარკინიგზო მაგისტრალი, შეძენილია: ახალი თანამედროვე ტექნიკა - გვირაბგამყვანი კომბაინი, ქანსატვირთი მანქანა, ფუჭი ქანის დამტვირთავი ჰიდრო ჩაქუჩი, 250 ნახშირის გადამტანი თვითმცლელი ვაგონი, 3 ახალი ელმავალი, 5 ნახშირის გადამტანი ავტომანქანა და მეშახტეებისათვის ახალი სპეცტანსაცმელი, მთლიანად კომპანიაში 3 მილიონი ლარის გადაიარაღება განხორციელდა.
ტყიბულის მაღაროში თებერვლიდან საწარმო პროცესი სრული დატვირთვით აღდგა და დასაქმებულებს თანამედროვე ტექნიკის ათვისებაში უკრაინელი სპეციალისტები ეხმარებიან.