ზედამხედველობის სამსახურმა სს სავაჭრო ცენტრ „ბავშვთა სამყაროს“ ადმინისტრაციას, უსაფრთხოების მიზნით, ტერიტორიის შემოღობვა დაავალა, - ამის შესახებ თბილისის მერიიდან იუწყებიან.
მერიის ინფორმაციით, თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურმა შეისწავლა და ვიზუალური დაკვირვებით დაადგინა, რომ სავაჭრო ცენტრ „ბავშვთა სამყაროს“ შენობა ხანძრის შედეგად ფაქტობრივად, განადგურებულია. არსებობს შენობის ჩამონგრევის საშიშროება.
თბილისის მერიის ცნობით, ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, უსაფრთხოების დაცვის მიზნით, ობიექტზე სასწრაფოდ განსახორციელებელია გარკვეული სახის სამუშაოები, უპირველესად კი, რისკ-ზონების განეიტრალება.
„საქართველოს მთავრობის 2014 წლის 27 მაისის N361 დადგენილების „მშენებლობის უსაფრთხოების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ მე-2 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თბილისის მერიამ უკვე მიმართა წერილით სს სავაჭრო ცენტრ „ბავშვთა სამყაროს“ ადმინისტრაციას და უმოკლეს ვადებში ტერიტორიაზე დროებითი სამშენებლო ღობის განთავსება დაავალა. შენობის შემოღობვა აუცილებელია, რათა ტერიტორიაზე შესვლა იყოს კონტროლირებადი და გამოირიცხოს უნებლიე მოხვედრის შესაძლებლობა“, - ნათქვამია მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.