„ბავშვთა სამყაროს” ხანძრის შედეგად დაზარალებული მოვაჭრეები ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის ბიზნეს-ცენტრთან აქციას მართავენ.
დაზარალებულმა მოვაჭრეებმა მსვლელობა მთავრობის ადმინისტრაციიდან დაიწყეს, სადაც ”საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის” თავმჯდომარე ზაზა ხატიაშვილთან და საკრებულოს რამდენიმე ოპოზიციონერ დეპუტატთან ერთად აქცია გამართეს.
ბიზნეს-ცენტრთან აქციაზე იმყოფება უფლებადამცველი ლაშა ჩხარტიშვილი, რომელიც ხელისუფლებას მოუწოდებს, დაზარალებულებს დახმარება გაუწიოს.
ადგილზე მყოფებს ზაზა ხატიაშვილმა მიმართა და განაცხადა, რომ ხელისუფლებას 10-დღიან ვადას აძლევენ. პირობების შეუსრულებლობის შემთხვევაში, აქციას არა 500, არამედ 50 000 ადამიანი გამართავს.
”ოლიგარქმა უნდა დაიბაროს კაცი, რომელიც თავის თავს პრემიერ-მინისტრს ეძახის და უთხრას, რა უნდა გაკეთდეს ამ ადამიანების დასახმარებლად. როცა არჩევნები იყო, ბიძინა ივანიშვილი ხალხში დადიოდა და ესაუბრებოდა. ყოველდღე ხეების გადარგვით რომ არის დაკავებული, გამოვიდეს და შეგვხვდეს. ჩვენ ვართ ადამიანები, რომლებიც არ დავუშვებთ, რომ ეს დაზარალებულები მოატყუონ. ამ ხალხს მიეცით მინიმალური საარსებო საშუალება”, - განაცხადა ზაზა ხატიაშვილმა.