ბათუმში, ბაგრატიონის ქუჩაზე მდებარე შაჰინის სახელობის მეგობრობის სკოლა-ლიცეუმის ავტორიზაციის გაუქმებასთან დაკავშირებით მშობლები პრეტენზიებს გამოთქვამენ.
როგორც მშობელი გულთამზე დავითაძე აცხადებს, სკოლა საუკეთესო მოსწავლეებს ზრდის და მისი დახურვა არ შეიძლება.
„ჩემი ორი შვილი სწავლობს ამ სკოლაში. დაგვიბარეს და გაგვაცნეს, რომ სკოლას ავტორიზაცია იმის გამო გაუუქმდა, რომ პრობლემა თურქული სექციაა. მინდა მივმართო საქართველოს განათლების მინისტრს ალექსანდრე ჯეჯელავას, რომ ამ სკოლაში 6 თურქი მოსწავლის გარდა 340 ქართველი სწავლობს. თუკი ტერორისტები იზრდებიან ამ სკოლაში, მშობლები რატომ არ ვართ ინფორმირებული?“ - განაცხადა გულთამზე დავითაძემ.
კიდევ ერთი მშობელი ლია ფუტკარაძე კი აცხადებს, რომ ეს არის ის სკოლა, რომელმაც წლების განმავლობაში წარმატებული თაობა გაზარდა.
ბათუმში, ბაგრატიონის ქუჩაზე მდებარე შაჰინის სახელობის მეგობრობის სკოლა-ლიცეუმს ავტორიზაცია გაუუქმდა. შაჰინის სახელობის მეგობრობის სკოლა-ლიცეუმის დირექტორი ელგუჯა დავითაძე აცხადებს, რომ სკოლისთვის საგანმანათლებლო საქმიანობის აკრძალვა სავარაუდოდ, პოლიტიკური გადაწყვეტილებაა. სკოლა-ლიცეუმის დირექტორი პრემიერ-მინისტრს გიორგი კვირიკაშვილს, განათლების მინისტრს ალექსანდრე ჯეჯელავას და სახალხო დამცველს უჩა ნანუაშვილს მიმართავს, პირად კონტროლზე აიყვანონ და დაიცვან სკოლის 340 მოსწავლის, მათი მშობლებისა და პედაგოგების კანონიერი უფლებები.