რა გზა გაიარა საქართველომ ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის გზაზე

ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის პერსპექტივა „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ინიციატივის საფუძველზე განისაზღვრა და უკანასკნელი წლების მანძილზე საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის დღის წესრიგის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად იქცა.

საქართველოსა და ევროკავშირს შორის სავიზო დიალოგი 2012 წელს გაიხსნა, რასაც წინ უსწრებდა საქართველო-ევროკავშირს შორის შესაბამისი შეთანხმების საფუძველზე ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის გამარტივება და რეადმისიის შესახებ შეთანხმების წარმატებული იმპლემენტაცია (2011 წლის 1 მარტიდან).

2013 წლის თებერვალში საქართველოს მხარეს გადმოეცა სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმა, რომლის მოთხოვნების შესრულებაც უვიზო მიმოსვლის რეჟიმის შემოღების მთავარ წინაპირობას წარმოადგენდა. სამოქმედო გეგმამ რეფორმების განხორციელების ქმედითი ინსტრუმენტის ფუნქცია შეასრულა და მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ევროკავშირისა და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი საკანონმდებლო და ინსტიტუციონალური ჩარჩოს ჩამოყალიბებაში.

სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის იმპლემენტაციის პროცესში საქართველოს ხელისუფლებამ განახორციელა მასშტაბური რეფორმები, რაც მოიცავდა დაახლოებით 15 სხვადასხვა მიმართულებას, მათ შორის დოკუმენტების უსაფრთხოების, საზღვრის მართვისა და მიგრაციის, ასევე დანაშაულთან ბრძოლისა და ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროებს.

საერთო ჯამში, სამოქმედო გეგმის მოთხოვნების შესაბამისად მიღებულ იქნა 130-ზე მეტი საკანონმდებლო აქტი, დამტკიცდა 8 ეროვნული სტრატეგია და რატიფიცირება გაუკეთდა 7 საერთაშორისო კონვენციას. შეიქმნა ახალი სტრუქტურული ერთეულები, დაინერგა ახალი სერვისები, შემუშავდა ახალი მექანიზმები.

სამოქმედო გეგმის იმპლემენტაციის პროცესში განხორციელებული რეფორმებიდან განსაკუთრებით მნიშვნელოვანია: დოკუმენტების უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების დამკვიდრება; მიგრაციის მართვის პოლიტიკისა და საზღვრის მართვის სისტემის მოდერნიზაცია - სისტემური რეფორმები იმიგრაციისა და ემიგრაციის ეფექტური კონტროლის უზრუნველყოფის მიზნით; პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონის მიღება და ინსპექტორის ინსტიტუტის შემოღება; დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ კანონის მიღება და მისი იმპლემენტაცია; ადამიანის უფლებათა სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის მიღება და იმპლემენტაცია; საჯარო სამსახურის შესახებ ახალი კანონის მიღება; შრომის ინსპექციის დეპარტამენტის შექმნა; საჯარო მოხელეთა ქონებრივი დეკლარაციების სისტემატური კონტროლის მექანიზმის შემოღება და სხვა.

სამოქმედო გეგმის იმპლემენტაციის პროცესს მონიტორინგს უწევდა ევროკომისია ექსპერტთა შემფასებელი მისიების ვიზიტების განხორციელების გზით და პერიოდულად ევროკავშირის საბჭოსა და ევროპარლამენტს წარუდგენდა ანგარიშს საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესის თაობაზე; (22 მისია და 4 ანგარიში).

2015 წლის 18 დეკემბერს ევროკომისიამ გამოაქვეყნა საქართველოს მიერ სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის იმპლემენტაციის შესახებ რიგით მე-4 საბოლოო ანგარიში, რომელიც ადასტურებს, რომ საქართველომ ყველა შესაბამისი მოთხოვნა ზედმიწევნით შეასრულა.

2016 წლის 9 მარტს ევროკომისიამ ევროკავშირის საბჭოსა და ევროპარლამენტს წარუდგინა საკანონმდებლო წინადადება საქართველოს მოქალაქეებისათვის შენგენის/ევროკავშირის წევრ ქვეყნებში უვიზო მიმოსვლის შემოღების შესახებ.

5 სექტემბერს ევროპარლამენტის სამოქალაქო თავისუფლების, მართლმსაჯულების და საშინაო საკითხების კომიტეტმა (LIBE) მხარი დაუჭირა საქართველოსთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციას.

13 დეკემბერს ევროკავშირის საბჭოს, ევროპარლამენტსა და ევროკომისიას შორის შეთანხმდა რეგულაციის საბოლოო ტექტსტი, რომელიც 20 დეკემბერს დაამტკიცა ევროკავშირში მუდმივი წარმომადგენლების კომიტეტმა, ხოლო 2017 წლის 12 იანვარს ევროპარლამენტის LIBE კომიტეტმა.

2 თებერვალს საქართველოს მოქალაქეებისათვის უვიზო მიმოსვლის მინიჭების საკითხს კენჭი ეყარა ევროპარლამენტის პლენარულ სესიაზე.

შემდგომი პროცედურის თანახმად, განახლებულ რეგულაციას დაამტკიცებს ევროკავშირის საბჭო.

ევროპარლამენტის პრეზიდენტისა და ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყნის წარმომადგენლის მიერ ცვლილებების ფორმალური ხელმოწერის შემდეგ, რეგულაცია გამოქვეყნდება ოფიციალურ ჟურნალში და საქართველოს მოქალაქეებისათვის უვიზო მიმოსვლის რეჟიმი ამოქმედდება შეჩერების მექანიზმთან დაკავშირებული განახლებული რეგულაციის ძალაში შესვლასთან ერთად.

უვიზო მიმოსვლის პირობები

სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის შემდეგ საქართველოს მოქალაქეებს უვიზოდ მოგზაურობა შეეძლებათ შენგენისა და ევროკავშირის წევრ 30 ქვეყანაში, გარდა დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიისა.

ევროკავშირის/შენგენის წევრ ქვეყნებში მოკლევადიანი ვიზიტით უვიზოდ გამგზავრებას შეძლებს საქართველოს ყველა მოქალაქე, რომელიც ფლობს ბიომეტრიულ პასპორტს. მოკლევადიანი ვიზიტი გულისხმობს 90 დღეს (გადაბმულად ან დღეების გადანაწილებით) ნებისმიერი 180 დღის განმავლობაში. მოკლევადიანი ვიზიტის მიზანი შესაძლოა იყოს სხვადასხვა: ტურიზმი, ოჯახის წევრების/ნათესავების/ახლობლების მონახულება, საქმიანი შეხვედრების გამართვა, საერთაშორისო კონფერენციებში, სემინარებსა და სიმპოზიუმებში მონაწილეობა, კულტურულ, სამეცნიერო ან სპორტულ ღონისძიებებში მონაწილეობა, ტრენინგებში, სასწავლო პროგრამებში მონაწილეობა ან სტაჟირება, სამედიცინო სერვისებით სარგებლობა და ა.შ. ნებისმიერი ასეთი ვიზიტის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 90 დღეს.

მნიშვნელოვანია საქართველოს მოქალაქეებმა გაითვალისწინონ, რომ უვიზო მიმოსვლის რეჟიმი არ შეეხება ევროკავშირის/შენგენის წევრ ქვეყნებში გრძელვადიან ვიზიტებს, მაგალითად, ხანგრძლივი სწავლის ან მუშაობის მიზნით.

90-დღიანი ვადის გადაცილების შემთხვევაში, ევროკავშირის/შენგენის ტერიტორიაზე ყოფნა ჩაითვლება არალეგალურად, ასეთი პირი გაძევებული იქნება ქვეყნიდან და აეკრძალება ევროკავშირის/შენგენის წევრი ქვეყნის ტერიტორიაზე შესვლა გარკვეული პერიოდით (5 წლამდე ვადით).

გასათვალისწინებელია, რომ უვიზო მიმოსვლის პირობებში ნებისმიერი მოქალაქე გაივლის სასაზღვრო კონტროლს და საბოლოო გადაწყვეტილება შენგენის წევრ ქვეყანაში შესვლის თაობაზე მიღებულ იქნება შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოს მიერ. გამომდინარე აქედან, მიზანშეწონილია, რომ საქართველოს მოქალაქეებმა თან იქონიონ ყველა ის დოკუმენტი, რომელიც მათი მოგზაურობის მიზნის დასადასტურებლად გამოდგება.

განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებული ყველა სარგებელი ხელმისაწვდომი იქნება ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ჩვენი მოქალაქეებისათვის და შეუქმნის მათ მოტივაციას ისარგებლონ საქართველოს პასპორტებით.

საქართველოს მოქალაქეებისათვის უვიზო მიმოსვლის რეჟიმი ამოქმედდება განახლებული შეჩერების მექანიზმის ძალაში შესვლასთან ერთად, რომელიც ადგენს დამატებით კრიტერიუმებს უვიზო რეჟიმის შეჩერებისათვის, ამცირებს გადაწყვეტილების მიღების ვადებს და ამარტივებს პროცედურას.

დამატებითი დაცვის გარანტიების შექმნის აუცილებლობა განაპირობა ევროკავშირში შექმნილმა მიგრაციულმა კრიზისმა. ამ ვითარების გათვალისწინებით, დამატებითი რისკებისა და საფრთხეების თავიდან ასაცილებლად აუცილებელი გახდა მოქნილი ინსტრუმენტის შექმნა, რომელიც მესამე ქვეყნებიდან მიგრაციული ნაკადების მნიშვნელოვან შემთხვევაში დროული და ეფექტიანი რეაგირების შესაძლებლობას უზრუნველყოფს.

უვიზო მიმოსვლის შეჩერების მექანიზმი ამოქმედდება შემდეგ შემთხვევებში:

შესაბამისი მესამე ქვეყნიდან 1) შენგენის ტერიტორიაზე უკანონოდ მყოფი პირების რაოდენობისა და შენგენის ტერიტორიაზე შესვლაზე უარის თქმის შემთხვევების მნიშვნელოვანი ზრდა; 2) თავშესაფრის მოთხოვნის დაუსაბუთებელი განცხადებების რაოდენობის მნიშვნელოვანი ზრდა; 3) რეადმისიის (მიგრანტების უკან დაბრუნება) შეთანხმების არასათანადო შესრულება - რეადმისიის დაუკმაყოფილებელი მოთხოვნების რაოდენობის მნიშვნელოვანი ზრდა; 4) ევროკავშირის წევრ ქვეყნებში საზოგადოებრივი და შიდა უსაფრთხოების კუთხით შექმნილი საფრთხე, რომელიც უკავშირდება მესამე ქვეყნის მოქალაქეებს.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, მნიშვნელოვანია, რომ თითოეულმა საქართველოს მოქალაქემ გააცნობიეროს ის ნეგატიური შედეგები, რომელიც შეიძლება მოყვეს მათ მიერ უვიზო მიმოსვლის რეჟიმის დარღვევას ან ბოროტად გამოყენებას.

იმედია, რომ საქართველოს თითოეული მოქალაქე განსაკუთრებული პასუხისმგებლობით მოეკიდება საკუთარ ვალდებულებებს უვიზო მიმოსვლის პირობებში და ზედმიწევნით დაიცავს შესაბამის მოთხოვნებს, მიმღები ქვეყნების კანონმდებლობას და საფრთხის ქვეშ არ დააყენებს როგორც საკუთარ თავს, ასევე ზოგადად ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის შესაძლებლობას საქართველოს მოქალაქეებისათვის.