საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, თოვლისა და ლიპყინულის გამო, რამდენიმე საუღელტეხილო მონაკვეთზე მოძრაობის სპეციალური რეჟიმებია დაწესებული.
როგორც გზების დეპარტამენტი იუწყება, თოვლისა და ლიპყინულის გამო, ქუთაისი-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზის კმ35-კმ72 (ნაქერალას უღელტეხილი) მონაკვეთზე და ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის კმ71-კმ188 (ხაიში-უშგული) მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა; დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით. ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. ამავე გზის კმ1-კმ70 მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
”რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო (ძლიერი ყინვა, ლიპყინული და ინტენსიური თოვა), კოდა-ფარცხისი-მანგლისი-წალკა-ნინოწმინდის საავტომობილო გზის როდიონოვკა(ფარავანი)-ნინოწმინდის (კმ110-კმ146) მონაკვეთზე და ახალციხე-ნინოწმინდის (სომხეთის საზღვარი) საავტომობილო გზის კმ90-კმ112 (ნინოწმინდა-სომხეთის საზღვარი) მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით, ხოლო ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
თოვლისა და ლიპყინულის გამო, ალპანა-ცაგერის საავტომობილო გზის კმ1-კმ22 მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია”, - ნათქვამია გზების დეპარტამენტის განცხადებაში.