ავტორიზაციის გაუქმების მიუხედავად, შაჰინის სახელობის მეგობრობის ლიცეუმში სასწავლო პროცესი გრძელდება. როგორც სკოლის დირექტორმა ელგუჯა დავითაძემ განაცხადა, უკვე მეორე გაკვეთილი ტარდება და სასწავლო პროცესში შეფერხება არ არსებობს.
მისივე განცხადებით, ჯერ ავტორიზაციის საბჭოს გადაწყვეტილება არ მიუღია, რის შესაბამისადაც, სასწავლო პროცესს აგრძელებს.
„დღეს მოსწავლეების თითქმის სრული რაოდენობაა სკოლაში. უკვე მეორე გაკვეთილი ტარდება, არავითარი ხარვეზი სასწავლო პროცესში არ გვაქვს. ჩვენ ველოდებით საბოლოო დასკვნას, მანამდე გვაქვს უფლება გავაგრძელოთ ჩვეულ რეჟიმში სასწავლო პროცესი. დასკვნის მიღების შემდეგ იმის მიხედვით, თუ რა წერია დასკვნაში, შესაბამისად ვიმოქმედებთ“, - განაცხადა ელგუჯა დავითაძემ.
მისივე განმარტებით, საქართველოს პირველი პირებისა და სახალხო დამცველისადმი მიმართვაც გაავრცელა, თუმცა გამოხმაურება ამ დრომდე არ ყოფილა.
ელგუჯა დავითაძის განცხადებით, გამოხმაურება იყო სკოლის კურსდამთავრებულებისა და მშობლების მხრიდან.
„გვეუბნებიან, რომ ბოლომდე ჩვენს გვერდით იქნებიან, რომ არ დაიხუროს სკოლა“, - აღნიშნა დავითაძემ.
განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ავტორიზაციის საბჭომ შაჰინის სახელობის მეგობრობის სკოლა-ლიცეუმს ავტორიზაცია ბავშვების სკოლაში ჩარიცხვასთან დაკავშირებული ხარვეზების გამო გაუუქმა.