”ოქროს სამყაროს” დაზარალებული მოვაჭრეების ტერიტორიაზე შეშვება განახლდა

”ოქროს სამყაროს” დაზარალებული მოვაჭრეების ტერიტორიაზე შეშვება განახლდა. მოვაჭრეები შენობაში ორ-სამკაციან ჯგუფებად შედიან. მათ შენობაში პოლიციის და ადმინისტრაციის წარმომადგენლები მიჰყვებიან.

როგორც ჟურნალისტებთან საუბრისას ”ოქროს სამყაროს” კომერციულმა დირექტორმა ამირან მარიამიძემ განაცხადა, გუშინ, „ოქროს სამყაროს“ ტერიტორიაზე მოვაჭრეთა ნაწილი, დაახლოებით 36 ადამიანი შეუშვეს. მისივე თქმით, დღეს, სავარაუდოდ, სრულად მოხდება დაზარალებული მოვაჭრეების შესვლა ტერიტორიაზე.

”გუშინ საღამოს დაიწყო იმ ხალხის შეშვება, რომლებსაც დახლებზე ჰქონდა დატოვებული საკუთარი ნივთები და ძვირფასეულობა. გუშინ 36 ადამიანის შესვლა მოხდა, დღეს დანარჩენი ნაწილის შესვლას ვვარაუდობთ. რაც შეეხება შენობის გამაგრებას, გარკვეული ნაწილი უკვე გამაგრებულია. ხდება იმ ადამიანების აღრიცხვა, რომლებიც შენობაში შედიან, ასევე მიმდინარეობს ვიდეოგადაღება, თითოეულ მათგანს მიჰყვება პოლიციის წარმომადგენელი და შევყვებით ასევე ჩვენ, ადმინისტრაციის წარმომადგენლები”, - განაცხადა ”ოქროს სამყაროს” კომერციულმა დირექტორმა ამირან მარიამიძემ.

”ბავშვთა სამყაროს” ტერიტორიაზე მობილიზებულია დაცვის პოლიციის, ასევე უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლები.