პრემიერ მინისტრი, რომელსაც ძალიან აქტიური ცოდნა და გამოცდილება აქვს ეკონომიკური მიმართულებით, მუშაობს აქტიურად ეროვნულ ბანკთან, რაც ძალიან კარგი წინაპირობაა ვითარების გამოსასწორებლად , - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ტელეკომპანია „იბერიის“ ეთერში ლარიზაციის გეგმისა და ეკონომიკური გუნდის ეფექტურობაზე საუბრისას განაცხადა.
„პარტია „ქართულ ოცნებას“ აქვს საკონსტიტუციო უმრავლესობა, რომელიც სწორედ ასეთი მიზნებისთვის უნდა იყოს წესით გამოყენებული, რომ დაიძლიოს ასეთი პრობლემები. იმედი მაქვს, ვითარება უკეთესობისკენ წავა. ლარი, მეტ-ნაკლებად, ბოლო პერიოდში დასტაბილურებულია და ისე აღარ მერყეობს, როგორიც ადრე“, - აღნიშნა პრეზიდენტმა.
გიორგი მარგველაშვილის თქმით, მცირე და საშუალო ბიზნესი ჯერაც ვერ დაიძრა და ვერ გახდა მთავარი დოვლათის შემქმნელი ქვეყანაში.
„ლარიზაციის გეგმაზე ვერ ვიტყვით, რომ ჩავარდა, მაგრამ შეგვიძლია ვთქვათ, რომ იმ ტემპებითა და დინამიკით არ ვითარდება, რომელიც მოგვინდებოდა. მაგრამ ამავე დროს, იანვრის პერიოდში თუ შევხედავთ, ქვეყანაში ლარი უფრო აქტიურად ტრიალებს. არის თუ არა ეს საკმარისი?! რა თქმა უნდა, რამდენიც არ უნდა ვისაუბროთ იმაზე, რომ რაღაცა პოზიტიური ნიშნები დინამიკისა არის, ეს საკმარისი არ არის და ბევრად უფრო დიდი ძალისხმევაა საჭირო.
მე იმედი მაქვს ეკონომიკური გუნდის კიდევ უფრო გააქტიურების. მოვუწოდე კიდეც და მხარს დავუჭერ თუ კიდევ უფრო აქტიურ ნაბიჯებს გადადგამენ. შეუძლებელია, იყო ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობით კმაყოფილი, მით უმეტეს, როცა წინა წელს 2.2%-იანი ზრდით დაასრულებ. ყველაფერს რომ თავი დაანებო, ამ ეკონომიკურ პარამეტრებზე როდესაც შენს ახლობლებს, ნათესავებს, მეგობრებს, უცნობებს თუ ნაცნობებს ესაუბრები, ყველა ერთი და იგივეს გეუბნება: - სამსახური არ მაქვს, ხელფასი არ მყოფნის და შესუსტებულია მსყიდველუნარიანობა. ეს თემა ნომერ პირველია საზოგადოებისთვის. ჩვენი ეკონომიკური პარამეტრებით, ჩვენი მცირე და საშუალო ბიზნესი ფაქტობრივად, ვერა და ვერ დაიძრა, ვერ გახდა მთავარი დოვლათის შემქმნელი ქვეყანაში. ამ ყველა პრობლემას სჭირდება ძალიან ენერგიული და სერიოზული ნაბიჯები“, - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
კითხვაზე, შესაძლებლობა რომ ჰქონდეს, დაითხოვდა თუ არა ეკონომიკურ გუნდს, პრეზიდენტმა განაცხადა, რომ იმედი აქვს, უახლოეს მომავალში ეკონომიკური გუნდი გადადგამს რადიკალურ და გაბედულ ნაბიჯებს.
„ნამდვილად ვერ გეტყვით, რომ ამ ეკონომიკურ გუნდს არ აქვს ან პოლიტიკური ან ინტელექტუალური ან სამართლებრივი ბერკეტი და რესურსი, რომ გადადგან თამამი ნაბიჯები და იმედი მაქვს, რომ გადადგამენ“, - აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.