გიორგი მარგველაშვილი - "გაზპრომი" რუსული საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი ძლიერი ხელია

„გაზპრომის“ თემაზე არავისთან გვინდა კონსულტაცია. ჩვენ ვიცით, რას და როგორ ვაკეთებთ , - ამის შესახებ პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ტელეკომპანია „იბერიისთვის“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, „გაზპრომთან“ დაკავშირებით მისი მოწოდება ეხებოდა კოორდინაციის შექმნას, ვინაიდან „გაზპრომი“ რუსული საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი ძლიერი ხელია.

„გაზპრომთან დაკავშირებით რთული პროცესი იყო, რომელიც ახლა არ დაწყებულა. 2015 წელს მე მოვითხოვე მთავრობის სხდომაზე ამ საკითხის გატანა და პასუხი მაშინაც ასეთი იყო, რომ ჩვენ საქმეს ვაკეთებთ და არავისთან კონსულტაცია არ გვჭირდება. მერე პარლამენტში გამოვედი, ამ საკითხზე გავაკეთე განცხადება და ნათლად ვთქვი, რომ „გაზპრომი“ ისეთი სერიოზული მოთამაშეა არა ენერგეტიკის სფეროში, არამედ გლობალური პოლიტიკის სფეროში. რომ „გაზპრომი“ არის რუსული საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი, ასე ვთქვათ, ძლიერი ხელი და როდესაც „გაზპრომთან“ ვურთიერთობთ, ჩვენ ყველანი უნდა ვიყოთ კოორდინირებულები ერთმანეთში და არამარტო ერთმანეთთან ვიყოთ კოორდინაციაში, არამედ კოორდინაციაში ვიყოთ ჩვენს პარტნიორებთან“, - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

მისივე თქმით, „გაზპრომის“ თემაზე ქართული პოლიტიკური სპექტრი ერთმანეთის მოწინააღმდეგე არ არის. „ბოლო მოლაპარაკებების შედეგად ის ხომ ნათლად გამოჩნდა, რომ საქართველოს შესაძლებლობები შესუსტდა. ახლა რა ვქნათ?! ახლა იქნებ კოორდინირებულად ჩავერთოთ?! დეპუტატები, პრეზიდენტი ერთიანი პოზიციით და მესიჯით ვიყოთ ამ თემაზე, ვინაიდან ამ თემაზე ჩვენ ერთმანეთის მოწინააღმდეგეები არ ვართ. ამ თემაზე ჩვენ ყველა საქართველოს ვიცავთ, იდეაში. ეს იყო ჩემი მოწოდება პარლამენტისადმი - ახლა როგორ დავიცვათ კოორდინირებულად ჩვენი ინტერესები ამ ძალიან ძლიერ და მნიშვნელოვან ოპონენტთან?!“, - განაცხადა პრეზიდენტმა.