"რეზონანსი" - ძლიერი დოლარის ეპოქა სრულდება, რა შეიცვლება საქართველოში?

აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადების შემდეგ, დოლარმა შესუსტება დაიწყო. ევროსთან მიმართებით ამერიკულმა ვალუტამ პოზიცია უკვე დათმო, თანდათან ძვირდება ნავთობი და ძვირფასი ლითონებიც. როგორც ჩანს, ძლიერი დოლარის ეპოქა სრულდება. როგორც გაზეთი „რეზონანსი" წერს, ქართველი ექსპერტების ნაწილი ვარაუდობს, რომ დოლარის დასუსტება საქართველოში იმპორტირებულ პროდუქტს გააიაფებს, მაგრამ შეიძლება პრობლემა შეექმნას ექსპორტს, თუმცა ამ მხრივ ისედაც მუდმივად პრობლემებია.

ამერიკის პრეზიდენტად არჩეულმა დონალდ ტრამპმა, "უორლდ სთრით ჯორნალთან" ინტერვიუში პირდაპირ განაცხადა, რომ "ამერიკული დოლარი მეტისმეტად ძლიერია". ტრამპის ადმინისტრაცია აპირებს, შეფასება მისცეს ქვეყნის ვალუტას და მის გაცვლით კურსს. უნდა ითქვას, რომ ამგვარი კომენტარებისგან თავის შეკავება დიდი ხნის ტრადიცია იყო მათი წინამორბედი ადმინისტრაციებისთვის. ამერიკის ახალი პრეზიდენტი კი ამ ტრადიციას არღვევს.

"ფაინენშელ თაიმსში" გამოქვეყნებულმა სტატიამ მოლოდინი გააჩინა, რომ შეერთებული შტატები გლობალური სავალუტო ომის ახალ რაუნდს იწყებს. ცხადია, ამერიკის მოკავშირეებისთვის ეს ვერ იქნება სახარბიელო პერსპექტივა. იაპონიის პრემიერ-მინისტრმა უკმაყოფილება გამოთქვა, მას შემდეგ, რაც შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჩინეთი და იაპონია სავალუტო მანიპულაციებში დაადანაშაულა. იაპონიის პარლამენტის წინაშე გამოსვლისას, პრემიერმა ტრამპის შეფასებებს არაადეკვატური უწოდა. ასევე გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა უარყო, თითქოს ბერლინი ცდილობდა გავლენა მოეხდინა ევროს ვალუაციაზე.

რას მოუტანს საქართველოს ძლიერი დოლარის ეპოქის დასასრული? საბანკო სფეროს სპეციალისტი ვახტანგ ხომიზურაშვილი "ბიზნეს-რეზონანსთან" ამბობს, რომ ჩვენი ქვეყანა არ არის ინტეგრირებული საერთაშორისო საფინანსო სისტემაში იმდენად, რომ საქართველოზე მიმდინარე მოვლენებმა მკვეთრად იმოქმედოს. თუმცა იმპორტის მიმართულება უნდა შეიცვალოს ამერიკული პროდუქციისკენ, რადგან ის იქნება ბევრად იაფი, ვიდრე ევროპული.

"დოლარის შესუსტება ამერიკულ პროდუქციას უფრო გააიაფებს. ეს ევროპის ბაზრებს და მათ ეკონომიკას რთულ სიტუაციაში ჩააგდებს. როგორც ვხედავთ, ტრამპი ორიენტირებულია ძლიერ ეკონომიკაზე, რასაც, ბუნებრივია, დოლარის შესუსტება თან სდევს. ეს გაცილებით პრიორიტეტულ მდგომარეობაში ჩააყენებს ამერიკულ საქონელს.

რაც შეეხება უშუალოდ საქართველოს მდგომარეობას, იმპორტის მიმართულება უნდა შეიცვალოს ამერიკული პროდუქციისკენ, რადგან ის იქნება უფრო იაფი, ვიდრე ევროპული. სავალუტო ბაზარზე განსაკუთრებულ ზემოქმედებას არ ველი, რადგან ლარის გაუფასურება შიდა პრობლემების შედეგია და არა დოლარის საერთაშორისო ბაზრებზე მერყეობის, ამიტომაც საქართველოზე ნაკლებ გავლენას მოახდენს ამერიკული ვალუტის შესუსტება, თუმცა შეიძლება იმპორტირებული პროდუქციის ფასზე აისახოს", - განუცხადა "ბიზნეს-რეზონანსს" ხომიზურაშვილმა.

საბანკო სფეროს ექსპერტი დავით წიქარიძე აღნიშნავს, რომ ტრამპი დოლარის გაუფასურებას აშკარად ცდილობს. მისი თქმით, ტრამპის მთავარი სამიზნე ბაზრები - სამხრეთ კორეა, იაპონია და ჩინეთია. საქართველოსთვის ყოველთვის მტკივნეულია გლობალური სავალუტო მოვლენები, რადგან დოლარის გავლენა არის არაპროპორციულად დიდი, თუმცა, ქართული ვალუტის მერყეობა მთლიანად არ არის დამოკიდებული აშშ დოლარის მდგომარეობაზე, რადგან აქ შიდა ფაქტორებიც მოქმედებს.

"ტრამპი ცდილობს ამერიკის ვალუტა გააუფასუროს, რათა ექსპორტი გახადოს უფრო იაფი და ინვესტიცია განახორციელოს სხვა ბაზრებზე. მთავარი სამიზნე ამერიკისთვის ამჟამად არის ჩინეთი, სამხრეთ კორეა და იაპონია. რასაც ტრამპი აცხადებს და აკეთებს, ერთმანეთთან წინააღმდეგობაშია. ამბობს, რომ უნდა დაასუსტოს დოლარი, მაგრამ სინამდვილეში ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ დოლარი გაძლიერდეს. ბარიერები, რომელიც მათ უნდა დააწესონ საბაჟოებზე და გაზარდონ საიმპორტო გადასახადები, ის რეფორმა, რომელიც მათ ამერიკის შიდა ეკონომიკაში დასახული აქვთ, პრაქტიკულად, დოლარს გაიაფების შანსს არ უტოვებს.

აშშ-ში დღეს იმდენად გაუგებარი სიტუაციაა, რომ ვითარების შეფასება არავის შეუძლია. რეალურად იქ უფრო სერიოზულადაა საქმე, ვიდრე გვგონია. მიმდინარეობს სავალუტო ომი დიდ ქვეყნებს შორის. ევროკავშირიც იგივე პოლიტიკას ატარებს, ყველა ცდილობს, თავისი ვალუტა დაასუსტოს.

საქართველოსთვის ძალიან მტკივნეულია მიმდინარე მოვლენები. დოლარის გავლენა ჩვენ ქვეყანაზე არის არაპროპორციულად დიდი. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, იმდენად ძნელი ამოსაცნობია ამერიკული პოლიტიკის შიდა დინებები, ამის პროგნოზირება რთულია", - აღნიშნა წიქარიძემ.

ანალიტიკოსი ვახტანგ ჭარაია "ბიზნეს-რეზონანსთან" აცხადებს, რომ ტრამპის ერთ განცხადებას დოლარის შესუსტება არ შეუძლია. ყველაზე ოპტიმისტურ შემთხვევაში, თუკი ლარის კურსი გამყარდა, აშშ დოლარი შესუსტდა და რეგიონში სტაბილურობა შენარჩუნდა, ამ შემთხვევაში იმპორტირებული პროდუქცია ოდნავ გაიაფდება და ექსპორტი უცხოელებისთვის შედარებით გაძვირდება.

"მარტო ამერიკული ვალუტის სიმყარე ან სისუსტე არ განაპირობებს ლარის მომავალს. გარდა ამისა, ძალიან ბევრი შიდა ფაქტორი არსებობს, რომელიც განსაზღვრავს მის კურსს. ჩვენ გვახსოვს პერიოდები, როდესაც დოლარი მყარდებოდა, მაგრამ ლარი უფასურდებოდა და პირიქით. თუ რეგიონში სტაბილურობა იქნა და ამას დაემთხვევა დოლარის გაუფასურება, ამ შემთხვევაში იმპორტირებული პროდუქცია შედარებით გაგვიიაფდება, სანაცვლოდ ექსპორტი დაკარგავს მიმზიდველობას, ის გაძვირდება უცხოელებისთვის.

დღეს ლარი რომ უფასურდება, ეს პრობლემას წარმოადგენს, პირველ რიგში მათთვის, ვისაც სესხი აქვს, მეორე მხრივ კი, ათეულ ათასობით ადამიანი დამოკიდებულია ფულად გზავნილებზე უცხოეთიდან. მათთვის დოლარის გაუფასურება უარყოფითი მოვლენაა. ცალმხრივად იმის თქმა, რომ ლარის გაუფასურება ყველასთვის ნეგატიურია, მთლად ასეც არ არის.

დოლარის დასუსტება ორი კუთხით შეგვიძლია განვიხილოთ: ჩვენ, ძირითადად, მომხმარებელი ერი ვართ და წარმოებაში საკმაოდ მოვიკოჭლებთ. აქედან გამომდინარე, დოლარის შესუსტებას შეიძლება მთელი რიგი პოზიტიური მოვლენები მოჰყვეს, თუმცა არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ საექსპორტო კუთხით არასახარბიელო ვითარებაში აღმოვჩნდებით. ჩვენთვის არც ეს არის მომგებიანი. მომხმარებლებისთვის ფასები ხელმისაწვდომი გახდება, მაგრამ ზიანი მიადგება ეროვნულ წარმოებას", - განუცხადა "ბიზნეს-რეზონანსს" ვახტანგ ჭარაიამ.

ნათია ლომიძე

გაზეთი "რეზონანსი"