საფრანგეთის ქალაქებში ქვევრის ღვინის პრეზენტაცია-დეგუსტაცია გაიმართა

საფრანგეთის ქალაქებში, ქვევრის ღვინის პრეზენტაცია-დეგუსტაცია გაიმართა. როგორც ALLWINE.GE-ს სოფლის მეურნეობის სამინისტროს პრესსამსახურიდან აცნობეს, ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, ფრანგ ღვინის პროფესიონალებს შესაძლებლობა მიეცათ გაცნობოდნენ და დაეგემოვნებინათ ექვსი ქართული ბუნებრივი ღვინოების მწარმოებელი კომპანიის ღვინოები: „ნიკოლაძეების მარანი“, „ანთაძის მარანი“, „ხოხბის ცრემლები“, „ოქრო ღვინო“, „იაგოს ღვინო“ და „კორტავების მარანი“.

ქვევრის ღვინო წარდგენილი იყო ტულუზაში და ლიონში გამართულ სპეციალიზირებულ დეგუსტაციებზე, ხოლო ანჟესა (Les Penitentes) და სომურში (La Dive Bouteille) - ტრადიციულ გამოფენებზე, სადაც ქართული ღვინის კომპანიები უკვე მეექვსედ მონაწილეობდნენ.

ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე გიორგი სამანიშვილი აცხადებს, რომ საფრანგეთში მონაწილეობა ხელს უწყობს ქართული ღვინის ცნობადობის გაზრდას და პოპულარიზაციას არა მხოლოდ ამ ქვეყანაში.

„ქვევრის ღვინო საქართველოდან ყველა მიმართულებით გადის, თუმცა ის განსაკუთრებულ მოწონებას იმსახურებს ღვინის ტრადიციულ მომხმარებელ ქვეყნებში, როგორიცაა საფრანგეთი, იტალია და ა.შ. მიუხედავად იმისა, რომ მთლიან ექსპორტში ქვევრის ღვინის წილი დიდი არაა, ეს მაინც გამორჩეული ღვინოა და მას ყველა იცნობს, ვინც იცის ქართული მევენახეობა-მეღვინეობის კულტურა და ისტორია. ქვევრის ღვინო ჩვენი ერთგვარი სავიზიტო ბარათია, იმისთვის რომ ქართული ღვინო უფრო ცნობადი გახდეს. საფრანგეთში ღვინის წარდგენით ქვევრის ღვინო ცნობილი ხდება ფაქტობრივად, მსოფლიოს ყველა მნიშვნელოვან ბაზარზე”, - აღნიშნა გიორგი სამანიშვილმა. იხილეთ გაგრძელება