ვინ უზრუნველყოფს ჩვენი ანაბრების უსაფრთხოებას

ბევრ ჩვენგანს შვეიცარიელ ფრანსისკო ფერნანდესზე არაფერი სმენია. არადა სულ ტყუილად: მთელი მსოფლიოს მასშტაბით, ასობით მილიონი საბანკო ანგარიშის უსაფრთხოება სწორედ მასზეა დამოკიდებული.

ფერნანდესი ერთი შეხედვით, არანაირი განსაკუთრებული მახასიათებლით არ გამოირჩევა: ის 53 წლისაა, თავისუფალ დროს პიანინოზე დაკვრას ამჯობინებს და ... დაახლოებით, 4 ტრილიონი დოლარის უსაფრთხოებაზე ზრუნავს.

ფრანსისკო ისეთივე ნაკლებცნობილი და პირველადი შთაბეჭდილებით, არაფრისმთქმელი კომპანიის დამაარსებელია, როგორიც თვითონაა. კომპანიას Avaloq-ი ჰქვია, იგი 2500 თანამშრომელს ითვლის და ბანკებისთვის პროგრამული უზრუნველყოფის მიმწოდებელი ერთ-ერთი უმსხვილესი კომპანიაა მსოფლიოში.

აღნიშნული კომპანიის პროგრამას 450-ზე მეტი ბანკი იყენებს, ისეთი გიგანტების ჩათვლით, როგორიც ბრიტანული Barclays, HSBC, Royal Bank of Scotland და ასევე Deutsche Bank, Societe Generale, UBS, Nomura.

როგორც უკვე მიხვდით, Avaloq-ი უსაფრთხოებას სერიოზულად უდგება, განსაკუთრებით, ჰაკერებისგან თავის დაცვის საკითხში. პროგრამაში ყველა სუსტი წერტილის აღმოსაჩენად, კომპანიამ არაორდინალური ნაბიჯი გადადგა და ისრაელის პროგრამისტებს დაცვავის კოდის გასატეხად ფული გადაუხადა.

"ჩვენ დიდი სიფრთხილითა და ყურადღებით ვეკიდებით ჩვენს სამსახურს, დაცვის სისტემას გამუდმებით ვხვეწთ, ყოველწლიურად ათასობით ჰაკერული თავდასხმის მოგერიება გვიწევს"- განმარტა ფერნანდესმა.

წლიდან წლამდე ჰაკერების მოგერიებაში, კომპანიის წლიურმა შემოსავალმა 500 მილიონ დოლარს მიაღწია.

თუმცა, ყველაფერი გაცილებით ადრე, 1991 წელს, ორასი ათასი დოლარით დაიწყო. ფერნანდესი მიხვდა, რომ ბანკებისთვის შემუშავებული კომპიუტერული პროგრამების უმეტესობა საკმაოდ რთული და ამავდროულად ძვირადღირებული იყო. მისი იდეა კი იმაში მდგომარეობდა, რომ შეემუშავებინა გაცილებით მარტივი თუმცა, საიმედო პროგრამა, რომლითაც მსოფლიოს მასშტაბით ასეულობით ბანკი ისარგებლებდა. ასე დაიწყო ფერნანდესმა და მისმა ჯგუფმა პროგრამული უზრუნველყოფის შექმნა ერთადერთი კლიენტისთვის და ამას ხუთი წელი დასჭირდა.

პროგრამის დასრულების მომენტისთვის, კომპანია მიხვდა, რომ შვეიცარიული ბანკები, რომლებსაც რისკზე წასვლა კატეგორიულად არ უყვართ, 20 თანამშრომლისგან შემდგარ სტარტაფთან თანამშრომლობას არ ჩქარობდნენ. თუმცა, ფერნანდესს გაუმართლა და შეუსრულებელი მისია მომგებიანი მას შემდეგ გახდა, რაც მისმა კომპანიამ, არც მეტ არც ნაკლები, შვეიცარიის მთავარი ბანკი, Swiss National Bank დააინტერესა.

კომპანიის მთავარი ოფისი ციურიხში მდებარეობს, 2500 თანამშრომლიდან კი მხოლოდ 500-ია პროგრამისტი.

საინტერესო ის არის, რომ კომპანია თანამშრომლებს პრემიას, ინდივიდუალური მიღწევების გამო არ ურიცხავს.

სახელფასო დანამატს იღებს ყველა ერთნაირად, იმ შემთხვევაში თუ კომპანიამ დასახულ მიზანს თავი წარმატებით გაართვა, იქნება ეს შემოსავლის მატება თუ გეოგრაფიული ექსპანსია.

ფრანსისკო ფერანდესის წარმატების ფესვები ოჯახის რთულ ეკონომიკურ მდგომარეობაში იმალება, როდესაც დასაკარგი არაფერი გაქვს, რისკზე წასვლაც ადვილია, გონივრული რისკი კი პირველი ნაბიჯია წარმატებისკენ.

წყარო: ALLNEWS