მცხეთის მაჟორიტარი დეპუტატი დიმიტრი ხუნდაძე მოსახლეობის მიერ დღეს გამართულ აქციას ეხმიანება, რომლებმაც მათ მფლობელობაში არსებული მიწების გამოყენებასა და გამოცხადებულ მორატორიუმთან დაკავშირებით საპროტესტო აქცია გამართეს.
ხუნდაძის განცხადებით, ამ პრობლემურ საკითხთან დაკავშირებით მცხეთაში მოსახლეობის ვნებათაღელვა დიდი ხანია შეინიშნება. ”საქმე ისაა, რომ რამდენიმე წლის წინ, „ნაცმოძრაობის“ პერიოდში მცხეთაში აუქციონის წესით გასხვისდა მიწები და მოსახლეობის დიდმა ნაწილმა კანონის სრული დაცვით ეს მიწები შეიძინა. კანონი დაარღვია მაშინდელმა ხელისუფლებამ, რომელსაც ეს მიწები არ უნდა გაესხვისებინა. დღეს დაზარალებული არის ადგილობრივი მოსახლეობა, რომელიც საკუთრებაში არსებულ ქონებას ვერ იყენებს და ასევე, ქალაქ მცხეთის, როგორც წმინდა ქალაქის ინტერესები. აუცილებელია მთავრობის მხრიდან გადაიდგას კონკრეტული ნაბიჯები ისე, რომ არ დაზარალდეს არც მოსახლეობა და არც ქალაქის ინტერესები. ფაქტია, პრობლემა სასწრაფოდ უნდა მოგვარდეს“, - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.
მცხეთის მაჟორიტარი დეპუტატი ამ საკითხთან დაკავშირებით 16 თებერვალს მცხეთაში ქალაქის მერიასთან და საკრებულოსთან სპეციალურ შეხვედრას გამართავს. დიმიტრი ხუნდაძე შეხვედრაზე იწვევს კულტურის სამინისტროს, იუნესკოს, საპატრიარქოსა და მთავრობის წარმომადგენლებს.