სოლიდარობის ფონდში დაარსებიდან დღემდე 9 083 839 ლარია მობილიზებული

საქართველოს სოლიდარობის ფონდმა საქმიანობის რიგით მე-19 პერიოდული ანგარიში წარმოადგინა , რომელიც 2014 წლის 1 ივნისიდან 2017 წლის 31 იანვრის ჩათვლით მობილიზებულ ფინანსურ რესურსებს და აღნიშნულ პერიოდში სიმსივნით დაავადებული ბავშვებისა და 22 წლამდე ასაკის ახალგაზრდების დიაგნოსტიკისა და მკურნალობისათვის დამტკიცებული დაფინანსების შესახებ დეტალურ ინფორმაციას ასახავს.

როგორც  სოლიდარობის ფონდიდან იუწყებიან, 2014 წლის 1-ლი ივნისიდან 2017 წლის 31 იანვრის ჩათვლით, ქვეყნის მასშტაბით 702 საჯარო უწყებაში დასაქმებული თანამშრომლებისა და 50 ორგანიზაციის მხარდაჭერით გაფორმებული თანამშრომლობითი მემორანდუმის ფარგლებში, საქართველოს სოლიდარობის ფონდში საერთო ჯამში 9 083 839 ლარი იქნა მობილიზებული. უკვე მობილიზებული და სამომავლო პროგნოზული დონაციების გათვალისწინებით ფონდმა სიმსივნით დაავადებული 361 ბავშვისა და ახალგაზრდის მკურნალობისა და დიაგნოსტიკის დაფინანსება დაამტკიცა, საერთო ჯამში 2 266 721 ლარის, 2 931 400 აშშ დოლარისა და 1 402 670 ევროს მოცულობით. 147 ბავშვისა და ახალგაზრდის სამედიცინო მომსახურება საქართველოში დაფინანსდა, ხოლო 214 შემთხვევაში დიაგნოსტიკისა და მკურნალობის დაფინანსება დამტკიცდა როგორც საქართველოში, ასევე გერმანიის, ესპანეთის, თურქეთის, იაპონიის, ავსტრიის, ისრაელის, იტალიისა და საფრანგეთის კლინიკებში.