საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო I-VI კლასის სახელმძღვანელოების გრიფირებას, სავარაუდოდ, ერთ კვირაში გამოაცხადებს. ამ დროისთვის განიხილება მოდელი, რომლის თანახმად , გრიფირებული სახელმძღვანელო ონლაინ გავრცელდება და ერთი წლის განმავლობაში შეფასებას გაივლის. დაინტერესებულ პირებსა და ორგანიზაციებს აღნიშნული სახელმძღვანელოების შესწავლისა და შეფასების საშუალება ექნებათ. ამის შემდეგ, წიგნები 2018-2019 სასწავლო წლისთვის დაიბეჭდება. საუბარია პირველი-მეექვსე კლასის ყველა სახელმძღვანელოზე.
„ამა თუ იმ მიზეზით, ეს პროცესი გაიწელა. დღეს მივედით იქამდე, თვითონ გამომცემლებმა თქვეს, რომ ხარისხიანი სახელმძღვანელო ამ ვადაში ვერ გაკეთდება. ეს მთავარი მესიჯია. როგორც კი გავიგე, ჩემს კოლეგებთან, მათ შორის პრემიერთან წავედი, გავიარე კონსულტაცია. უხარისხოს დადების სურვილი, მართალი გითხრათ, არ მაქვს. დღეს ვმსჯელობთ ასეთ ვარიანტზე, რომ გამოვაცხადოთ გრიფირება, ოღონდ დაბეჭდვა და სკოლებში შეტანა არ მოხდეს 2017-2018 წელს. ჩემი ვერსია, რომელსაც ვემხრობი, ასეთია, - სახელმძღვანელო გავხადოთ საჯარო, შინაარსი დავდოთ, ერთი სასწავლო წელი გავაგრძელოთ სწავლა ძველი მოდელის სახელმძღვანელოებით, ამასობაში გვქონდეს ერთი წელი, რათა სკოლებმა აირჩიონ. სჯობს დავთმოთ ერთი სასწავლო წელი და დარწმუნებული ვიყოთ, რომ გვექნება ძალიან კარგი სახელმძღვანელო”, - განაცხადა ალექსანდრე ჯეჯელავამ.