გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული სამმართველოს ინსპექტირების განყოფილების თანამშრომლებმა ფოთში მოქმედი ის ობიექტები შეამოწმეს, სადაც თევზის მოპოვება-გადაზიდვა და გადამუშავება ხორციელდება.განყოფილების ხელმძღვანელის, ეკა ჯინორიძის განმარტებით, ინსპექტირება იანვარში დაიწყო და ამ ეტაპზე მოპოვებული მასალებისა და დოკუმენტების შესწავლა მიმდინარეობს. მისი თქმით, პროცესის დასრულების შემდეგ მიღებული დასკვნის საფუძველზე შესაბამისი რეაგირება მოხდება.
დაფიქსირდა თუ არა დარღვევები, ჯინორიძე ამაზე საჯარო საუბრისგან ჯერ თავს იკავებს. ადგილობრივები კი „ინტერპრესნიუსთან“ საუბარში აცხადებენ, რომ ქალაქში ცხოვრება თევზის გადამუშავების პერიოდში გაუსაძლისია. „მოწამლულია ჰაერი, ვიწამლებით ყველანი, ჩვენს ჯანმრთელობას პრობლემები ექმნება. ფანჯრის გაღება და ქუჩაში გასვლა შეუძლებელი გახდა. 21-ე საუკუნეში ეს პრობლემა არ უნდა არსებობდეს. თევზის გადამამუშავებელ ქარხნებს ფილტრები უნდა დაუყენენონ, რათა ეს სუნი არ გაიფრექვეს. მერამდენე წელია ამ საკითხზე გვიწევს საუბარი და იმედია შესაბამისი უწყებები აჯერად მაინც დაინტერესდებიან“, - განუცხადა „ინტერპრესნიუსს“ ნინო გოგიშვილმა.
ადგილობრივ ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ პრობლემა უახლოეს მომავალში გადაიჭრება. „მოსახლეობის აქტიურობიდან გამომდინარე და ჩვენი შუამდგომლობით, თევზის გადამამუშავებელმა რამდენიმე ობიექტმა მოახდინა ტექნიკური გადაიარაღება, დამონტაჟდა საჭირო ფილტრები. არის რამდენიმე ობიექტი, საიდანაც უსიამოვნო სუნი იფრქვევა. ჩართულია ყველა სტრუქტურა. ურთიერთობა გვაქვს ქარხნის მეპატრონეებთან და ვიმედოვნებთ, პრობლემა უახლოეს მომავალში გადაიჭრება“, - განუცხადა „ინტერპრესნიუსს“ მერის მოადგილემ ნიკოლოზ გრიგოლიამ.