სუპერმარკეტების ქსელ "ფრესკოს" ფეისბუქში ბოიკოტს უცხადებენ. #ბოიკოტიფრესკოს - ასე ქვია კამპანიას, რომელიც სოციალურ ქსელში გავრცელებული პოსტის შემდეგ დაიწყო. ფეისბუქ-გვერდები "თბილისის სოლიდარობის ქსელი" და "ჟამთასვლა ფოტოსურათებზე" ავრცელებენ სუპერმარკეტის თანამშრომლების მიმართვას, რომელშიც შრომის ექსპლუატაციის დარღვევასა და დასაქმებულების უფლებების დარღვევას ეხება. გთავაზობთ მიმართვას სრულად:
"ფრესკოს თანამშრომლებმა გადავწყვიტეთ ხმა მოგაწვდინოთ მთელს საქართველოს და გაგაგებინოთ, თუ რეალურად რა სიტუაციაა სუპერმარკეტების ქსელ "ფრესკოში"!
დღევანდელ საქართველოში სამსახურებრივი ანაზღაურება შრომის ხარისხსა და კოეფიციენტს რეალურად რომ არ შეესაბამება, ეს ყველასთვის ნაცნობი და სამწუხარო ფაქტია, რაც ნამდვილად აღარავის უკვირს, თუმცაღა, ის, რაც ფრესკოში ხდება ყოველგვარ საზღვარს სცდება, არაადამიანურობის უმაღლესი გამოხატულებაა და თავისუფლად შეგვიძლია "თანამედროვე მონობის" გამოვლინებაც ვუწოდოთ. ეს ჩამონათვალი კი ნათლად დაგანახებთ აღნიშნულს:
1. სამუშაო საათები განისაზღვრება 12 საათით, კვირაში 5 დღე. როგორც ვიცით, საქართველოს შრომის კოდექსით გათვალისწინებული მაქსიმალური სამუშაო საათების რაოდენობა არის კვირაში 48 საათი, რაც ზეგანაკვეთურ სამუშაოს წარმოდგენს და უნდა ანაზღაურდეს შესაბამისად. ფრესკოს თანამშრომლების სამუშაო საათები კი კვირაში შეადგენს 60 საათს, ხოლო ანაზღაურება არის მინიმალური - 400 ლარამდე.
2. სამუშაო დღეს შესვენების დრო განისაზღვრება 1-1.5 საათით (რაც დამოკიდებულია დასაქმებულის დაკავებული პოზიციით), ამ პერიოდის განმავლობაში, თანამშრომლებს აუკრძალეს მობილური ტელეფონებით სარგებლობა, რითაც ისინი ფაქტობრივად მოწყვიტეს გარესამყაროს, ვინაიდან მათ ყავთ შვილები, ქმრები, ცოლები, მშობლები, რომელთაც ვერანაირი საშუალებით ვერ დაუკავშირდებიან 12 საათის განმავლობაში.
3. ინვენტარიზაციის შემდეგ გათვალისწინებული იყო, რომ თანამშრომლებს დააკლდებოდათ ხელფასის 20%, რეალურად, თანამშრომლებს ხელფასიდან დაექვითათ 50% და ზოგიერთს მეტიც. მაგ. ერთ-ერთ თანამშრომელს, რომელსაც ზედმეტად ნამუშევარი საათების სანაცვლოდ 404 ლარი უნდა დარიცხვოდა ანაზღაურების სახით, ინვენტარიზაციის შემდგომ დაურიცხეს 185 ლარი.
4. თანამშრომლებს ვერავინ გასცა პასუხი, თუ რატომ დაერიცხათ ზემოთ ნახსენები მცირე ოდენობის ხელფასები, სავარაუდო მიზეზად მათ მიმართ არსებული ჯარიმები დასახელდა, თუმცაღა მათ ვერ შეძლეს ამის დამადასტურებელი დოკუმენტის ან რაიმე საბუთის წარდგენა. ფილიალის მენეჯერის საბოლოო პასუხი კი "არვიცი" და კაბინეტის კარის "მიჯახუნება" იყო.
5. ქმნიან ხელოვნურ დანაკლისებს, რისი ანაზღაურებაც თანამშრომლების ხელფასიდან ხდება, მაგ. სალაროზე ტარდება ყველანაირი შტრიხ-კოდი, არ არსებული, მიუთვლელი, რაც იწვევს არასწორ ფასებში პროდუქციის გატარებას და მომხმარებლის შეცდომაში შეყვანას.
6. ვადაგასული პროდუქციის უმეტესობას უკან არ/ვერ აბრუნებენ და ამ დანაკლისის ანაზღაურება თანამშრომელთა ხელფასებიდან გარკვეული თანხის ჩამოჭრით ხორციელდება
7. საახალწლო დღეებში თანამშრომლები აიძულეს ემუშავათ 12 დღე დასვენების გარეშე, დღეში 12 საათი, რისი ანაზღაურებაც დამატებით 40 ლარის ნაცვლად მოხდა 18 ლარით.
8. პერსონალის მიმართ ჯარიმების რაოდენობა არის არაადეკვატური, 10 ლარიდან 100 ლარამდე. მაგ, თანამშრომელი, რომელიც ე.წ გასახდელში ქურთუკს დაკიდებს საკიდზე და არა კარადაში, ჯარიმდება 20 ლარით. მოლარეები, რომელთაც სალაროზე ექნებათ "მეტობა" , ჯარიმდებიან ამ თანხის გაორმაგებული ოდენობით.
9. თანამშრომლების მიმართ ხორციელდება ზეწოლა. მაგ. ერთ-ერთი ფილიალის თანამშრომლების უმეტესობამ ნოემბრის თვეში გადაწყვიტა სამსახურიდან წასვლა, შესაბამისი განცხადების დაწერის საფუძველზე, თუმცაღა საოპერაციოს დირექტორმა ამის საშუალება არ მისცა მათ და დაემუქრა, რომ წასვლის შემთხვევაში დაუკავშირდებოდა სხვადასხვა კომპანიებს და ცუდ სტატუსს მიანიჭებდა მათ CV-ს.
ეს არის იმ დარღვევების და არაადამიანური მოპყრობის მცირე ჩამონათვალი რაც ხდებოდა და დღესაც ხდება ფრესკოში.
ჩვენი, ყოფილი თანამშრომლების დიდი სურვილი და მიზანია, რომ ამ პოსტს მოყვეს გამოხმაურება და სათანადო რეაგირება შესაბამისი სახელმწიფო ორგანოების მხრიდან, რათა შემდგომში სხვა ადამიანები არ აღმოჩნდნენ ასეთი ზეწოლისა და არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლნი."
პოსტის პასუხად, "ფრესკოს" განცხადება კომენტარებში გავრცელდა მათი ოფიციალური ფეისბუქ-გვერდიდან:
"გავეცანით რა პოსტს, კომპანია "ფრესკო" ოფიციალურად აცხადებს:
1) ქურდი - ციხეში!
2) უნიათო, უსაქმური და მუქთახორა - ფრესკოს გარეთ!
3) ფაქტია, თქვენი პოსტის დამკვეთი ძალიან დაბალი კვალიფიკაციისაა. მზად ვართ, ჩვენი სახსრებით, დაგიქირავოთ მაღალკვალიფიციური კონსულტანტები.
4) ცილისწამება ოდნავ მაინც უნდა იყოს დაახლოვებული სიმართლესთან : "ქმნიან ხელოვნურ დანაკლისებს, რისი ანაზღაურებაც თანამშრომლების ხელფასიდან ხდება, მაგ. სალაროზე ტარდება ყველანაირი შტრიხ-კოდი, არ არსებული, მიუთვლელი, რაც იწვევს არასწორ ფასებში პროდუქციის გატარებას და მომხმარებლის შეცდომაში შეყვანას", -
ეს პუნქტი უბრალოდ სისულელეა და არავითარ აზრს არ შეიცავს, არც ლოგიკურს და არც არალოგიკურს.
5) პირველ და მეორე პუნქტში ნახსენები ტიპის თანამშრომლების მიერ გამოცხადებული ბოიკოტის აყოლა ნიშნავს - თქვენი ჯიბეების, საფულეების და შემოსავლის ბოიკოტს.
6) "ფრესკო", კანონის ფარგლებში, ყოველთვის მზად არის ნებისმიერი შემოწმებისათვის და თავის საქმიანობაში ეყრდნობა მხოლოდ საქართველოს კანონმდებლობას.
7) და ბოლოს, "ფრესკოს" თავისი ბინძური ხელებით ნურავინ ნუ შეეხება! ფრესკო ლუზერების გარეშე!" - წერს ფრესკოს ოფიციალური ფეისბუქ-გვერდი კომენტარში.
წყარო: AMBEBI