სუპერმარკეტების ქსელი "ფრესკო" საზოგადოების ყურადღების ცენტრში არაერთხელ მოხვდა. ძირითადი მიზეზი, მისი მესაკუთრის, ვასილ სოფრომაძის უცნაური ინიციატივები და განცხადებები იყო.
მაგალითისთვის, 2015 წლის პირველი ნოემბრიდან, "ფრესკოს" ხელმძღვანელის ინიციატივით, ყოველ საღამოს, 21:00 საათზე, ყველა სუპერმარკეტში საქართველოს ჰიმნი ჟღერდებოდა.
"ფრესკო" ხალხის ერთი პატარა ნაწილია, იმ ხალხის, რომელიც ერთადერთი ძალაა ამ ქვეყანაში და არ არსებობს არც პირველი, არც მეორე და არც მესამე ძალა. ამ ძალის ნება მხოლოდ კანონით დანიშნულ დროს, საარჩევნო ყუთებთან უნდა გამოიხატოს.
აქედან გამომდინარე ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, დაწყებული ამა წლის 1 ნოემბრიდან, ჩვენი კომპანიის ყველა სუპერმარკეტში ყოველ დღე 21:00 საათზე, გავაჟღეროთ საქართველოს ჰიმნი, როგორც შეხსენება ყოველივე ზემოთ თქმულის, ვიდრე არ ჩატარდება არჩევნები და არ ჩამოყალიბდება მთავრობა.
გთხოვთ გაგებით მოეკიდოთ ამ ინიციატივას, რომელიც გამოხატავს ჩვენს საერთო გულისტკივილს.
"....თავისუფლებას დიდება !"
P.S. თუ ვინმეს ჰგონია რომ მე ვასილ სოფრომაძეს ვინმეზე ნაკლები ტემპერამენტით შემიძლია გამოვთქვა ჩემი აზრი, ან საერთოდ მაწუხებს ეს აზრი ვინმესთვის მოსაწონი იქნება თუ არა, თუ ვინმეს ჰგონია, რომ ჩემს ძარღვებში სისხლის მაგივრად წყალია, ძალიან ცდება, უბრალოდ, მე მთელი ჩემი შეგრძნებით და გამოცდილებით ვიცი, ახლა ყველაზე მეტად ქვეყანას თავისუფალი მედია, სიმშვიდე და სტაბილიზაცია სჭირდება" - ნათქვამი იყო სოფრომაძის განცხადებაში.
თუმცა, ბიზნესმენის თქმით, სოციალურ ქსელებში გამოწვეული უარყოფითი რეაქციის გამო ეს აქცია შეჩერდა.
ბიზნესმენ ვასილ სოფრომაძეს ასევე ეკუთვნის გახმაურებული განცხადება "არ გინდოდათ, რძე და ყველი?" რომელიც მან ჟურნალისტების მისამართით გააჟღერა, მას შემდეგ რაც მისი საქმიანობის შესახებ სიუჟეტი მომზადდა.
ზემოთ ჩამოთვლილი ფაქტების გარდა, 2016 წის ნოემბერში სკანდალი გამოიწვია ინფორმაციამ, რომლის თანახმადაც, სუპერმარკეტის თაროებსა და სალაროსთან ფასები ერთმანეთთან შესაბამისობაში არ იყო, რაც ვასილ სოფრომაძემ უარყო და განმარტა, რომ სალაროსთან 5%-იანი ფასდაკლება მოქმედებს, შესაბამისად თაროებზე აღნიშნული ფასებია მითითებული.
"გაახილეთ თვალები არამარტო სუპერმარკეტში, არამედ ცხოვრებაშიც, სულ რომ გძინავთ და მხოლოდ ნეგატივს ეძებთ,"-ეწერა ბიზნესმენის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. იხილეთ გაგრძელება
ასევე იხილეთ: "ბოიკოტი "ფრესკოს" - "არაადამიანურ" პირობებზე ალაპარაკებული თანამშრომლები და ჯანდაცვის სამინისტროს პოზიცია