საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში ზურაბ აბაშიძე და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინი პრაღის ფორმატში გამართულ მორიგ შეხვედრაზე შეთანხმდნენ , რომ საბაჟო მონიტორინგის თაობაზე 2011 წლის ხელშეკრულების რეალიზაციაზე მუშაობა დაჩქარდება.
ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ზურაბ აბაშიძემ განუცხადა.
„შევთანხმდით, რომ დაჩქარდეს მუშაობა ამ შეთანხმების რეალიზაციაზე. მოგეხსენებათ, ჩვენ მოსამზადებელი სამუშაოები ჯერ კიდევ გასული წლის გაზაფხულზე დავასრულეთ. ახლა რუსულმა მხარემ იგივე უნდა გააკეთოს. მათ გასარკვევი აქვთ რამდენიმე საკითხი, მათ შორის, ჩვენი შვეიცარიელი კოლეგების მეშვეობით. იმედია, ახლო მომავალში მოხერხდება, რომ მათგან მივიღოთ უკვე სრული ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ ყველა საკითხი გარკვეულია. ამის შემდეგ შეიძლება უკვე გადავიდეთ 2011 წლის შეთანხმების იმპლემენტაციის ეტაპზე. გუშინ იმაზე შევთანხმდით, რომ მათი მხრიდან ეს მუშაობა დაჩქარდება“, - განაცხადა აბაშიძემ.
ზურაბ აბაშიძის აზრით, რუსეთის მხრიდან შეთანხმების იმპლემენტაციის მზაობა არის.
„ყოველ შემთხვევაში, გუშინ ასეთი შთაბეჭდილება შემექმნა, რომ ემზადებიან ამისთვის, მაგრამ რითი დასრულდება ეს ყველაფერი, ვერ გეტყვით. ალბათ, უახლოეს მომავალში საბოლოო სურათი გამოიკვეთება“, - დასძინა აბაშიძემ.
ამასთან, მისი თქმით, უკვე არსებულ შეთანხმებაში არანაირი ცვლილების შეტანა მოსალოდნელი არ არის.
„ძალიან არაოდინალური შეთანხმებაა, საუბარია თითქმის უპრეცედენტო მექანიზმზე. რაიმე ცვლილებების შეტანაზე საუბარი საერთოდ არ არის. შეთანხმება ხელმოწერილია, ეს არის საერთაშორისო ვალდებულება, რომელიც აიღო როგორც ქართულმა, ისე რუსულმა მხარემ. შეთანხმებაში ყველაფერი დეტალურად არის გაწერილი და ვერაფერი შეიცვლება“ - განმარტა ზურაბ აბაშიძემ.
შეგახსენებთ, რომ 2011 წლის 9 ნოემბერს შვეიცარიის ქალაქ ჟენევაში, მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში რუსეთის გაწევრიანებასთან დაკავშირებით, შვეიცარიის კონფედერაციის შუამავლობით მიმდინარე მოლაპარაკებების ფარგლებში საქართველოსა და რუსეთის ფედერაციის მთავრობებმა დოკუმენტების პაკეტს მოაწერეს ხელი. პირველი საბაჟო ადმინისტრირებისა და სასაქონლო ბრუნვის მონიტორინგის მექანიზმის ძირითადი პრინციპების შესახებ ორმხრივი შეთანხმებაა, მეორე - ურთიერთგაგების მემორანდუმი, რომელიც შვეიცარიის, როგორც ნეიტრალური მესამე მხარის როლს განამტკიცებს. მესამე: სამივე მხარემ - საქართველომ, რუსეთმა და შვეიცარიამ გაცვალეს დოკუმენტები იმ საერთაშორისოდ აღიარებული ნეიტრალური კერძო კომპანიის მოქმედების პირობების განსაზღვრის მიზნით, რომელსაც მონიტორინგის განხორციელების მანდატს შვეიცარიის მთავრობა მიანიჭებს. საბაჟო ადმინისტრირებისა და სასაქონლო ბრუნვის მონიტორინგის მექანიზმი ა) ელექტრონულ მონაცემთა გაცვლის სისტემას (EDES) და ბ) საერთშორისო ზედამხედველობის (IMS) სისტემას მოიცავს. ელექტრონულ მონაცემთა გაცვლის სისტემის საშუალებით ნეიტრალური კერძო კომპანია ტვირთის სავაჭრო დერეფნებში შესვლამდე რისკის მართვის უზრუნველყოფის მიზნით სასაქონლო დეკლარაციებიდან და ტვირთებზე წინასწარი ინფორმაციიდან შესაბამის მონაცემებს მოიპოვებს. ხელშემკვრელი მხარეები ნეიტრალურ კერძო კომპანიას სავაჭრო დერეფნებში შემავალი ან დერეფნებიდან გამავალი ყველა საქონლის შესახებ შემდეგ მონაცემთა ერთობლიობას წარუდგენენ. EDES-ის ინფორმაცია ხელმისაწვდომი იქნება შვეიცარიის მიერ დაქირავებული ნეიტრალური კერძო კომპანიისთვის.
მოგვიანებით შეირჩა კერძო შვეიცარიული კომპანია SGS, რომელმაც მონიტორინგი უნდა განახორციელოს, თუმცა აღნიშნულ კომპანიასა და ერთის მხრივ, საქართველოს, მეორე მხრივ, რუსეთს შორის შესაბამისი კონტრაქტები ამ დრომდე არ გაფორმებულა.