რძისა და რძის ნაწარმის შესახებ ტექნიკური რეგლამენტი, რომელიც ითვალისწინებს ეტიკეტზე პროდუქციის შემადგენლობის, სტანდარტის ნომრის, დამზადების თარიღის, ვარგისიანობის ვადის, შენახვის პირობების, ენერგეტიკული ღირებულებისა და მასის მითითებას, 2015 წლის 1-ელი აგვისტოდან მოქმედებს.
სწორედ ამ ტექნიკური რეგლამენტის ამოქმედების შემდეგ, სავაჭრო ობიექტებში განთავსებულ რძის პროდუქტებზე გაჩნდა წარწერები "რძის მაგვარი", "არაჟნის მსგავსი", "ნატურალი რძისგან დამზადებული" და ა.შ. შესაბამისად, მომხმარებელს შესაძლებლობა მიეცა, ზუსტად იცოდეს რისგან დამზადებულ პროდუქტს ყიდულობს.
ამიერიდან კი რძის პროდუქტების, მათ შორის ყველის ეტიკეტირება აგრარულ ბაზრებშიც სავალდებულო ხდება. როგორც, სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენელმა, ანა გემაზაშვილმა, რადიო "პალიტრაში", გადაცემაში "საქმე" სტუმრობისას აღნიშნა, ბაზარში წარმოდგენილ რძის პროდუქტებს თან უნდა ახლდეს ინფორმაცია, რათა საჭიროების შემთხვევაში მათი მიკვლევადობა მოხდეს.
"აგრარული ბაზარი ვალდებულია ჰქონდეს ინფორმაცია იმ პროდუქციის შესახებ, რომლის რეალიზებაც მის ტერიტორიაზე ხდება. თუ ეს პროდუქცია ფიზიკურ პირს ეკუთვნის, მან წარუდგინოს აგრარულ ბაზარს ლაბორატორიული კვლევის ოქმი, რომ რძე რომლისგანაც მიღებულია ყველი და რომელსაც ის ყიდის, მიღებულია ჯანმრთელი ცხოველისგან და ეს ცხოველი გამოკვლეულია ბრუცელოზსა და ტუბერკულოზზე. ამავე დროს დახლზე უნდა იყოს განთავსებული ინფორმაცია ამ პროდუქციის მწარმოებელი ფიზიკური პირის შესახებ: გვარ-სახელი, პირადი ნომერი, ყველის დამზადების თარიღი და პროდუქციის წარმომავლობა. შესაძლოა, ბაზარში ფიზიკური პირის მიერ გასაყიდად გამოტანილი ყველი არ იყოს სათითაოდ შეფუთული, როგორც ეს სუპერმარკეტებში ხდება და ეტიკეტის დაკვრა ყველა პროდუქტზე ვერ მოხერხდეს, მაგრამ ინფორმაცია ჩანართი ფურცლის სახით, იმის შესახებ თუ ვინ არის მწარმოებელი, რა დასახელების პროდუქტია და ა.შ. უნდა უზრუნველყოს ბაზრის ადმინისტრაციამ", - განმარტა რადიო "პალიტრასთან" საუბრისას ანა გემაზაშვილმა.