თელ-ავივის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე ებრაელი ვიზიტორები აჭარით დაინტერესდნენ

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა თელ-ავივის 22-ე საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე IMTM 2017 რეგიონის ტურისტულ პროდუქტებს რეკლამირება გაუწია.

როგორც  ტურიზმის დეპარტამენტიდან იუწყებიან, აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთში ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ტურისტულ გამოფენაზე ვიზიტორები აჭარაში მოგზაურობითა და რეგიონის ტურისტული შესაძლებლობებით დაინტერესდნენ, მათი უმრავლესობა კი საქართველოს სტენდთან ყურადღებას ეკოტურისტულ, გასტრონომიულ და სამთო ტურისტულ მარშრუტებზე ამახვილებდა.

”აჭარის მიმართ დიდია ინტერესი ავიაკომპანიების მხრიდანაც. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის წარმომადგენელი გამოფენის ფარგლებში შეხვდა კიდეც რამდენიმე მსხვილი ავიაკომპანიის წარმომადგენელს, რომლებიც დაინტერესებული არიან ისრაელიდან აჭარის მიმართულებით პირდაპირი და ჩარტერული ფრენების დაწყებით. თელავივის 22-ე საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე დეპარტამენტი საქართველოს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან და ტურისტულ სააგენტოებთან ერთად მონაწილეობდა”, - ნათქვამია ტურიზმის დეპარტამენტის განცხადებაში.

მათივე ცნობით, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი ისრაელში პიარ და მარკეტინგულ კამპანიებს 2012 წლიდან ახორციელებს.

”მიმდინარე წელს, ისრაელი ისევ რჩება რეგიონისთვის მიმზიდველ ტურისტულ ბაზრად. 2016 წელს, აჭარაში, ისევე როგორც მთელ საქართველოში განსაკუთრებით გაიზარდა ებრაელი ტურისტებისა და ვიზიტორების რაოდენობა. გასულ წელს, რეგიონს ისრაელიდან 41 355 ტურისტი ესტუმრა, რაც 252%-ით აღემატება 2015 წლის მონაცემებს. გასული წელი, გამორჩეული იყო ისრაელიდან აჭარის მიმართულებით ფრენების ზრდის მხრივაც. 2016 წელს, თელავი-ბათუმის მიმართულებით ჩარტერულ და რეგულარულ რეისებს 3 ავიაკომპანია ასრულებდა. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი მიმდინარე წელს რეგიონის რეკლამირებას ისრაელში გაზაფხულიდან დაიწყებს”, - განმარტავენ ტურიზმის ადმინისტრაციაში.