როცა გამონაბოლქვის, გახშირებული მშენებლობების, მწვანე ნარგავების დეფიციტის, გენმოდიფიცირებული პროდუქტების პირობებში გვიწევს ცხოვრება, ნელ-ნელა მკვიდრდება ტენდენცია, რომ ეკოლოგიურად სუფთა პროდუქცია შევიძინოთ , რათა შხამქიმიკატებით გამოწვეული დაავადებები თავიდან ავიცილოთ და სიცოცხლე გავიხანგრძლივოთ.
ამ ტენდენციის ნაწილი ეკოსახლებია, რომლებიც ბუნებრივი, ეკოლოგიურად სუფთა მასალებით შენდება, გამძლეა და ენერგოეფექტური. ასეთი სახლები შეიძლება ნამჯის, ხის, თიხისა და პერლიტისგან იყოს აშენებული.
საქართველოში რამდენიმე ნამჯის სახლია, ერთი კახეთში, კერძოდ ბაკურციხეში მდებარეობს, მეორე, საკონფერენციო დარბაზი, მისაქციელში და კიდევ ერთი, "საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის" მეოთხე კურსის სტუდენტებმა, თბილისში, საბურთალოს რაიონში ააშენეს.
ბაკურციხეში აგებული 36 კვ.მ-ის ნამჯის სახლის მშენებლობის ღირებულებამ 6 000 ლარი შეადგინა, თბილისში კი, 24 კვ.მ ფართობის სახლის მშენებლობაში 4 000 ლარი დაიხარჯა.
ადამიანის ეკოლოგიის სპეციალისტის, შალვა გივიშვილის თქმით, ეკოსახლების მშენებლობა, საქართველოში თანდათან აქტუალური ხდება. მისი აგება ხის კონსტრუქციით იწყება, რომელშიც ნამჯის ტუკები თავსდება, შემდეგ კი თიხით ილესება.
"ევროპაში არსებობს ნამჯის სახლები, რომლებმაც, დაახლოებით, 200 წელი გაძლეს.
მათი ერთ-ერთი უპირატესობა, ცეცლგამძლეობა და ენერგოეფეტურობაა. გარდა ამისა, ნამჯის სახლის მშენებლობა, სტანდარტულ სახლთან შედარებით ბევრად ნაკლები დაგიჯდებათ,"- განმარტავს ის.
ნამჯის სახლი, რომელიც "საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის" მერვე კორპუსის მიშენების სახურავზეა, სტუდენტებისთვის სპეციალურ ლაბორატორიად გამოიყენება. სახლი, "სტუ-ს" მეოთხე კურსის სტუდენტმა, ნინო ამბოკაძემ ლექტორთან, დავით ლოლუასთან და თანაკურსელებთან ერთად საგრანტო პროექტის ფარგლებში ააგო.
"ეს სახლი, ერთი წელია დგას, უძლებს წვიმას. ნამჯის სახლი ამაღლებულ ადგილზე უნდა იყოს განლაგებული და სახურავი, ჩვეულებრივ სახურავებთან შედარებით უფრო გრძელი უნდა ჰქონდეს. წვიმის ჩამოდინება საწვიმარი მილების საშუალებით, რაც შეიძლება სწრაფად უნდა ხდებოდეს. სახურავი კედლიდან უნდა იყოს გადმოწეული და დაიცვას შენობა, რათა წვიმამ არ დაასველოს,"- განმარტავს ის და დასძენს, რომ ნამჯის სახლი სწორად უნდა ავაგოთ, რათა ნესტმა მის კედლებში სოკო არ წარმოქმნას.
რაც შეეხება ხის სახლებს, შალვა გივიშვილის თქმით, მისი მშენებლობის კულტურა დასავლეთ და სამხრეთ საქართველოში დიდი ხანია არსებობს, თუმცა ახლა ნატურალური, წაბლის ხისგან აგებულ სახლებს შლიან და ბლოკით ანაცვლებენ, რაც არაჯანსაღი არჩევანია. იხილეთ გაგრძელება