საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ახალი ცვლილება შედის, რომლის მიხედვითაც, 2013 წლის 1-ელი ივლისის შემდეგ პირველად მოხდება საყოველთაო და კერძო პაკეტების გამიჯვნა. როგორც შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, დავით სერგეენკომ მთავრობის სხდომის შემდეგ განაცხადა, შესაბამისი საკითხი მთავრობის დღევანდელ სხდომაზე დაამტკიცეს.
როგორც ჯანდაცვის სამინისტროში განმარტავენ, აღნიშნულის განხორციელება მონაცემთა ბაზების განახლების შემდეგ გახდა შესაძლებელი.
„თავიდანვე - 2013 წლის 1-ელი ივლისიდან საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის მოსარგებლეებად განისაზღვრენ პირები, რომლებსაც 2013 წლის 1-ელი ივლისის მდგომარეობით არ ჰქონდათ კერძო დაზღვევა, ხოლო ის პირები, რომლებიც 1 ივლისის მდგომარეობით სარგებლობდნენ კერძო დაზღვევით, ვერ გახდნენ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ბენეფიციარები. პრინციპი უცვლელი რჩება. 2013 წლის 1 -ელი ივლისის მონაცემებით, ბაზების განახლებამდე, კერძო დაზღვევით სარგებლობდა 500 ათასამდე (49 6061) პირი. თუმცა შემდეგ ნაწილი, ვისაც ამა თუ იმ მიზეზით შეუწყდა კერძო დაზღვევა (მაგალითად, დაკარგეს სამსახური და ა.შ.) გახდნენ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის მხოლოდ მინიმალური პაკეტით მოსარგებლეები. ერთ ნაწილს კი, ვინც 2013 წლის 1-ელი ივლისისთვის არ ფიქსირდებოდა კერძო დაზღვეულთა შორის და შემდეგ აიღო პოლისი, ე.წ. ორმაგი დაზღვევა გაუჩნდათ.
შესაბამისად, დღის წესრიგში დადგა 2013 წლის 1-ელი ივლისის მდგომარეობით არსებული სიების განახლება. პროგრამის შემდგომი რეფორმირებისთვის და მისი ძირეული მიზნის მისაღწევად, რაც გულისხმობს საყოველთაობას და არადაზღვეული მოსახლეობისთვის ჯანდაცვის სერვისებზე ხელმისაწვდომობას“, - განმარტავენ უწყებაში.
მათივე ინფორმაციით, ცვლილებების შედეგად, 2013 წლის 1-ელი ივლისიდან დღემდე, 120 ათასამდე პირს, ვისაც არ ჰქონდა კერძო დაზღვევა და სარგებლობდა საყოველთაო ჯანდაცვის მხოლოდ მინიმალური პაკეტით-მიეცემა საშუალება, გახდეს საბაზისო პაკეტის მომხმარებელი. მეორე მხრივ, წარმოდგენილი ცვლილებებით, ე.წ. საბაზისო პაკეტით მოსარგებლეები, ნაცვლად 2013 წლის 1-ელი ივლისისა, ხდებიან 2017 წლის 1 იანვრის მდგომარეობით დაზღვევის არმქონე პირები. ანუ, ვინც ორმაგი დაფინანსებით სარგებლობდა, გაიმიჯნება და დარჩება მხოლოდ კერძო დაზღვევის მფლობელი.
„ყველა ეს ცვლილება მიმართულია უკეთესი ჯანდაცვის სერვისებისთვის. გარდა ამისა, ბენეფიციართათვის პირობების გაუარესების თავიდან აცილების მიზნით, ამ დადგენილების ამოქმედებამდე ე.წ. „საბაზისო“ ან „მინიმალური“ პაკეტის ფარგლებში დამდგარი პროგრამული შემთხვევები, რომლებიც ამ პერიოდისთვის არ დასრულებულა, ხოლო გეგმურ მომსახურებაზე გაცემული საგარანტიო ფურცელი ვალიდური რჩება ვადის ამოწურვამდე. პროექტით გათვალისწინებული ცვლილებები 2017 წლის 1-ელი მარტიდან ამოქმედდება“, -აცხადებენ ჯანდაცვის სამინისტროში.