ბოლო მონაცემებით, სესხების გალარების პროგრამაში მონაწილეობა 800 ადამიანს აქვს მიღებული.
ამის შესახებ ბანკების ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტმა გიორგი ცუცქირიძემ „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას განაცხადა. მისივე ინფორმაციით, გალარებული სესხების ჯამური მოცულობა დაახლოებით 30 მილიონ ლარს შეადგენს.
”ტემპები არის ნორმალური და რაც უფრო მოახლოვდება ვადის ამოწურვის პერიოდი, მოსახლეობა კიდევ უფრო გააქტიურდება. პროგრამა დაახლოებით 27 ათას ადამიანს ეხება და შეიძლება ამ დროისთვის გალარებული სესხების მოცულობა არ არის მაღალი 27 000-ის საპირწონედ. თუმცა, ისიც არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ამ ადამიანების ნაწილს შემოსავალი უცხოურ ვალუტაში აქვთ, ფულადი გზავნილების სახით და შესაძლოა, მათთვის აღნიშნული შეთავაზება ნაკლებად საინტერესოა”, - აღნიშნა გიორგი ცუცქირიძემ.
ბანკების ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტის განცხადებით, გალარების პროგრამა ლარიზაციის გეგმასთან ერთად ლარის კურსზე დადებითად უკვე აისახა.
სესხების გალარების პროგრამა 17 იანვარს ამოქმედდა. პროგრამა ორთვიანია და 17 მარტამდე გაგრძელდება.
ქრისტინე გამთენაძე