ელენა კლეიმიონოვას ნამუშევრები სრულიად შემთხვევით ვნახე სოციალურ ქსელში – ჩემი მეგობრის მეგობარია. პოლიმერული თიხისგან შექმნილი ნამუშევრების სიზუსტემ, საინტერესო კომპოზიციებმა, ამ მინიატურულმა სამყარომ დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე – ისევე, როგორც მისი შემოქმედების ბევრ სხვა თაყვანისმცემელზე. ვთხოვე, ქართველი მკითხველისთვის ეამბნა თავის საქმიანობაზე და ადვილად დამთანხმდა.
- თავდაპირველად წარუდგინეთ თავი ჩვენს მკითხველს და გვითხარით, როდიდან დაიწყეთ თიხაზე მუშაობა.
- დავიწყებ იმით, რომ ამ მინიატურებზე მარტო არ ვმუშაობ... ცოტა ხნის წინ ჩემი მშობლიური ქალაქიდან მოსკოვში გადავედი საცხოვრებლად და უმუშევარი დავრჩი. ძველ საქმესთან დაბრუნება აღარ მინდოდა (ადრე მანიკიურს ვაკეთებდი...). ბევრი ვიფიქრე, რა გამეკეთებინა, რაღაც სიახლე მინდოდა. მომივიდა თავში აზრად, ქსოვა დამეწყო. ხელსაქმის მაღაზიაში წავედი, ვიყიდე ძაფები, ჩხირები და თვალში მომხვდა მძივები (ბისერები). მაშინვე მომინდა, რაიმე ბიჟუტერია გამეკეთებინა. ვიფიქრე, რომ გავაკეთებდი სამკაულებს და თან გავყიდიდი, არც ტყუილად ვიჯდებოდი სახლში. თუმცა, მართალი რომ ვთქვა, თან მეშინოდა, რომ გავაკეთო და ვერ გავყიდო? დავიწყე ინტერნეტში ვიდეოების ყურება, რომ კარგად მესწავლა და მხოლოდ მერე დამეწყო. სწორედ იქ, ერთ-ერთი ვიდეოს ყურებისას მოვკარი თვალი ლამაზ ვარდებს – თმის სამაგრებს, და გავიგონე – პოლიმერული თიხა. არც კი ვიცოდი, რა იყო ეს. მაგრამ რაღაცნაირად მოვინუსხე და გადავწყვიტე, მეცადა.ვიყიდე თიხა და დავიწყე რაღაცების თითხნა. თან ისე "ოსტატურად", რომ ოჯახის წევრებმა ჩემ მიერ გამოძერწილი სოსისი ყველაფერს მიამსგავსეს, სოსისის გარდა (იცინის). ამას ჩემთვის ხელი არ შეუშლია, პირიქით, მეტი დაჟინებით დავიწყე ინფორმაციის მოძიება, ვუყურებდი ვიდეოებს, ვკითხულობდი სტატიებს... რატომღაც მინიატურები უფრო მომეწონა, ვიდრე ბიჟუტერიების კეთება. ასე დავიწყე ბატონების, ფუნთუშების და ა.შ., სხვადასხვა პროდუქტის შექმნა. ყველაზე რთული იყო ამ ყველაფრის ერთ კომპოზიციად შეკვრა. მაგალითად, სამზარეულოს დაფაზე ისე დაწყობა პროდუქტების, რომ გემრიელი და საინტერესო გამოჩენილიყო.
მალე გადავედი ნახატებზე, რომლებსაც კომპოზიციებით ვამკობდი და როცა რამდენიმე მეგობრის აღფრთოვანებული მზერა დავინახე, მივხვდი, რომ უნდა გამეგრძელებინა... თუმცა თიხა თიხად, მაგრამ სათანადო ავეჯიც მჭირდებოდა კომპოზიციების "დასაბინავებლად". მივადექი ჩემს ქმარს და ვთხოვე დახმარება. ჯერ პატარა მაგიდა გამიკეთა, მერე – სასადილო და ა.შ. ისიც მალე გაიტაცა ამ საქმიანობამ და ჩვენ უკვე ორნი ვაკეთებთ ამ კომპოზიციებს – ის ავეჯს და მე ყველაფერ დანარჩენს. ასე დაიბადა ჩვენი დუეტი.
- რა არის თქვენთვის ეს ნამუშევრები, ვისთვის იქმნება, არის მხოლოდ გატაცება თუ რაღაც სხვა დატვირთვაც აქვს?
- ჩვენთვის მინიატიურები არის რაღაც იდუმალი, მინდა ჩემს ნამუშევრებში პატარა ზღაპარი გადმოვცე. მინდა, რომ ჩემს ნახატებში იყოს დასაწყისი და დასასრული, და რასაკვირველია – აქცენტი! ბევრს მწერენ სოციალურ ქსელში, ბევრი თბილი სიტყვა მოდის, ბევრს აღაფრთოვანებს ეს ნამუშევრები და ძალიან მიხარია ასეთი რეაქცია.- რთულია მუშაობის პროცესი?
- მუშაობა იმდენად რთული არ არის, რამენადაც იდეის მოფიქრება. ამაზე გაცილებით დიდი დრო მიდის. არ მინდა, ვიღაცის რაღაც გავიმეორო, თანაც, მაქვს სურვილი, სურათში ყველაფერი იყოს ჰარმონიული და საინტერესო. იდეაზე მთლიანად მე ვფიქრობ. ვუხსნი ჩემს ქმარს დეტალებს დამერე უკვე ერთობლივად ვიწყებთ.
ნახატის იდეასა და შექმნაზე მინიმუმ ერთი კვირა გვეხარჯება. აი შეკვეთის გამეორებას კი უკვე მხოლოდ 1-2 დღე უნდა. ძირითადად ვმუშაობთ ხის მასალაზე, პოლიმერულ თიხაზე და ცივ ფაიფურზე.
- ნამუშევრების თემატიკა ძირითადად შინაური გარემოა, სახლი, საკვები პროდუქტები, საკუჭნაო, ბუხარი... ალბათ განსაკუთრებულად გიყვართ სახლი?
- რასაკვირველია, თემები სულ შინაურია. ძალიან მიყვარს ჩემი სახლი, ჩემი ციხესიმაგრე, ჩემი ოჯახი. ჩვენ სამი შვილი გვყავს, ყველანი ძალიან მეგობრულები ვართ და გვაერთიანებს ერთმანეთზე ზრუნვა. ჩვენი მინიატიურებითაც გვინდა, სითბო, სიმყუდროვე, ზღაპრული გარემო შევიტანოთ სახლებში. გააგრძელეთ კითხვა