პირველი ვიცე-პრემიერი, ფინანსთა მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი, მედიის წარმომადგენლებთან ერთად, ფოთის გაფორმების ეკონომიკურ ზონაში იმყოფებოდა. მინისტრმა ადგილზე მოისმინა ინფორმაცია საქონლის საზღვრის კვეთისა და საბაჟო პროცედურების შესახებ. ფოთის გეზ-ი დიმიტრი ქუმსიშვილთან ერთად ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, შემოსავლების სამსახურის უფროსმა გიორგი თაბუაშვილმა დაათვალიერა.
პირველმა ვიცე-პრემიერმა დაათვალიერა ფოთის გეზის თანამედროვე ინფრასტრუქტურით აღჭურვილი ცენტრი, სადაც ხორციელდება ტვირთებისა და სურსათის სასაზღვრო კონტროლი, ასევე, სატრანსპორტო საშუალებების რენტგენოსკანერი, რომლის საშუალებითაც შესაძლებელია მსუბუქი და სატვირთო ავტომანქანების შემოწმება.
სამინისტროს ინფორმაციით, დიმიტრი ქუმსიშვილი დაესწრო ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის კინოლოგიის ცენტრის სპეციალური დანიშნულების ძაღლების საშუალებით, კონტრაბანდული საქონელის აღმოჩენის იმიტირებულ პროცესს.
პირველმა ვიცე-პრემიერმა ხაზი გაუსვა საბაჟო პროცედურების ეფექტური მართვისა და მომსახურების მაღალი ხარისხის უზრუნველყოფის მნიშვნელობას კომპანიებისთვის, რომლებიც ახორციელებენ როგორც საზღვაო, ისე სარკინიგზო და საკონტეინერო გადაზიდვებს, ასევე უსაფრთხო ვაჭრობის ხელშეწყობისა და კონტრაბანდის წინააღმდეგ ბრძოლის გააქტიურების აუცილებლობას.
ფოთის გეზში გაფორმების პროცედურები ხორციელდება „ერთი ფანჯრის პრინციპით“, მომსახურება ორიენტირებულია მომხმარებლისათვის კომფორტული და ხელმისაწვდომი სერვისების მიწოდებაზე, დროისა და მატერიალური რესურსების მაქსიმალურად დაზოგვის მიზნით.