2017 წლის იანვარში საქართველოში ინფლაციის დონემ, წინა თვესთან შედარებით, 2,9% შეადგინა. შარშანდელ იანვართან შედარებით კი სამომხმარებლო ფასების ინდექსი 3,9%-ით არის გაზრდილი. კიდევ უფრო თვალსაჩინოა ფასების შედარება 2010 წლის საშუალო მაჩვენებელთან - ფასები მომატებულია 22,5%-ით.
იანვარში წინა თვესთან შედარებით, ყველაზე მეტად ფასები გაზრდილია სურსათსა და უალკოჰოლო სასმელებზე: ბოსტნეულსა და ბაღჩეულზე 22,4%-ით, ხილსა და ყურძენზე 8,9%-ით, რძეზე, ყველსა და კვერცხზე 3,1%-ით, ზეთსა და ცხიმზე 3,1%-ით, თევზეულზე 2,8%-ით, ხორცსა და ხორცის პროდუქტებზე - 2,5%-ით. ფასები ასევე მომატებულია სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციასა (10,1%-ით) და შეძენაზე (4,9%), რასაც ექსპერტები ნაწილობრივ 1-ლი იანვრიდან რამდენიმე პროდუქტზე აქციზის ზრდას უკავშირებენ.
ლევან კალანდაძე, ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში: "ბუნებრივია, ინფლაციის უპირველესი მდგენელი აქციზის განაკვეთია. როცა გასული წლის ბოლოს ამ თემებზე ვსაუბრობდით, მათ შორის ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირები თუ პოლიტიკოსები, ფაქტობრივად, ყველას გვქონდა ინფლაციის მოლოდინი. ერთი მხრივ, საბიუჯეტო დეფიციტის დასაფარავად აქციზის განაკვეთის მატებას ვიყენებთ, მაგრამ ყველასთვის ისიც თავიდანვე იყო ცნობილი, რომ აქციზის განაკვეთის მატება, განსაკუთრებით ნავთობპროდუქტებზე, პირდაპირ აისახებოდა მომსახურებისა და პროდუქციის ფასებზე. ეს არის აქციზის ეფექტი, თანაც ნავთობპროდუქტის მიმართ ინფლაცია ყველაზე მეტად მგრძნობიარეა. ნავთობპროდუქტს მოიხმარს აბსოლუტურად ყველა, ჩვენც გაგვიძვირდა ავტომობილით გადაადგილება და ბიზნესსაც გაუძვირდა სატრანსპორტო ოპერაციები.
ფაქტობრივად, ჯერ მხოლოდ 1 თვეა გასული და იანვრის მაჩვენებლებით უკვე გვაქვს თითქმის 4%-იანი ინფლაცია, მაშინ, როცა წლიური სამიზნე კარგა ხანს იყო 5% და დღეს უკვე 4%-ია. ეს ნიშნავს, რომ წინ ძალზე რთული წელიწადი გვაქვს.
სამწუხაროდ, ფასწარმოქმნა არ განისაზღვრება მხოლოდ საქართველოს ეკონომიკაში მიმდინარე პროცესებით. დიდწილად საერთაშორისო ბაზრებზე ვართ დამოკიდებული. აშშ-ის ახალი ადმინისტრაციის ქცევა და შესაბამისად, საერთაშორისო ბაზარზე დოლართან დაკავშირებული საკითხები ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი იქნება. მოგეხსენებათ, ბოლო წლებში ამერიკის პოლიტიკა დოლართან დაკავშირებით იცვლება და, სავარაუდოდ, მისი კურსის შერბილების პოლიტიკა წარიმართება. რა თქმა უნდა, ჩვენთან ინფლაციურ პროცესებზე ეს პირდაპირ გავლენას არ ახდენს, თუმცა გასათვალისწინებელია, რომ დოლარის შერბილება დიდ გავლენას მოახდენს ეკონომიკურ მდგომარეობაზე ჩვენს მთავარ სავაჭრო პარტნიორ ქვეყნებში.
ასევე განმსაზღვრელი ფაქტორია საბიუჯეტო ხარჯვითი პოლიტიკა საქართველოში. ის დღეს მაქსიმალურად სტაბილურია და სავალუტო ბაზარზე ბიუჯეტი არ მოქმედებს, როგორც უარყოფითი ფაქტორი. თუმცა ინფლაციასთან დაკავშირებით აქვე მინდა აღვნიშნო კიდევ ერთი რისკის შესახებ - მოგეხსენებათ, მსოფლიო ბაზარზე ნავთობის გაიაფების ტენდენცია, რომელიც აქამდე არსებობდა, დღეს შეცვლილია და ის ნელ-ნელა იზრდება. ჯერ არ ვიცით, შენარჩუნდება თუ არა ნავთობის გაძვირების ტემპი, მისი ზრდა ჩვენთვის ერთ-ერთი რისკფაქტორია. შესაბამისად, ყველა ამ გარემოების გათვალისწინებით შეიძლება ითქვას, რომ წლეულს ინფლაცია მიზნობრივ 4%-ზე მეტი გვექნება".
ფასების პროცენტული ცვლილება იანვარში დეკემბერთან შედარებით:
სურსათი და უალკოჰოლო სასმელები 4.2
ალკოჰოლური სასმელები, თამბაქო 6.2
ტანსაცმელი და ფეხსაცმელი -1.4
საცხოვრებელი, წყალი, ელ.ენერგია, აირი 0.5
ავეჯი, საოჯახო ნივთები, სახლის მოვლა 1.8
ჯანმრთელობის დაცვა 1.7
ტრანსპორტი 7.2
კავშირგაბმულობა 0.3
დასვენება, გართობა და კულტურა 0.4
განათლება 0.1
სასტუმროები, კაფეები და რესტორნები - 0.4
სხვადასხვა საქონელი და მომსახურება 0.7
ემა ტუხიაშვილი
წყარო: „კვირის პალიტრა"