რა გახდა „სმარტის“ გლდანის ფილიალის დახურვის მიზეზი

სუპერმარკეტების ქსელი „სმარტი“ გლდანის ფილიალს ხურავს. ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსს“ სმარტის“ სუპერმარკეტების ბუღალტრული აღრიცხვისა და ანგარიშგების დეპარტამენტის დირექტორმა ხათუნა თავბერიძემ განუცხადა.

მისივე ცნობით, ობიექტი 15 მარტიდან დაიხურება. თუმცა, ადგილზე ოპერირებას ახალი სავაჭრო ქსელი „კარფური“ განაგრძობს.

„ჩვეულებრივი ბიზნესპროცესია. გლდანის ფილიალზე კომპანიამ საკმაოდ დიდი ხარჯი გასწია. მაგრამ მიუხედავად მრავალი აქციისა, მომგებიანობის კუთხით, ობიექტმა იმ ზღვარსაც ვერ მიაღწია, რომ თავისი პირდაპირი ხარჯები ხელფასი და ა.შ. დაეფარა. ყველაზე მძიმე ობიექტი აღმოჩნდა აღნიშნული გლდანის ფილიალი. მენეჯმენტმა ბევრი იფიქრა და ბოლოს გადაწყდა, რომ ობიექტის ქირით აღება სხვა ბიზნეს ოპერატორებისათვის შეგვეთავაზებინა. შედეგად გადაწყდა, რომ „კარფურთან“ გაფორმდება ხელშეკრულება,“-აღნიშნა თავბერიძემ.

მისივე თქმით, თანამშრომლების გადანაწილება კომპანიის სხვა ობიექტებში მოხდება. ან მათი სურვილის შემთხვევაში ახალ ბიზნესოპერატორ კომპანიაში დასაქმდებიან.

გლდანში „სმარტის“ ფილიალი 2015 წლის ბოლოს გაიხსნა. ტერიტორიაზე "ვენდისა" და "დანკინ დონატსის" ობიექტებიცაა განთავსებული. თუმცა, როგორც ხათუნა თავბერიძემ ჩვენთან საუბრისას აღნიშნა, ისინი ფუნქციონირებას ჩვეულებრივ გააგრძელებენ და დახურვა მხოლოდ რითეილ სფეროს შეეხო.