მარტში, დიდი ალბათობით, ლარის გამყარების ტემპი დაჩქარდება. როგორც სპეციალისტები ვარაუდობენ, კურსი სავარაუდოდ, 2,50-ის ფარგლებში დაფიქსირდება. როგორც გაზეთი „რეზონანსი" წერს, "ბლუმბერგის" პლატფორმაზე ლარის გამყარების ტენდენცია თვენახევრის წინ დაიწყო და სხვადასხვა ამპლიტუდით დღემდე გრძელდება. 5 იანვარს კურსი 1 დოლარი 2,76 ლარი ღირდა, ამჟამად 2,63-ის ფარგლებშია.
ჯერ კიდევ დეკემბერში ყველა საუბრობდა, რომ ლარს იანვარ-თებერვალში ძალიან გაუჭირდებოდა. როგორც აღმოჩნდა, სრულიად საწინააღმდეგო მოვლენები განვითარდა და გამყარების ტემპი მომდევნო თვეს უფრო დაჩქარდება. მარტში ლარზე მოთხოვნა ტრადიციულად მატულობს, ექსპორტი და ფულადი გზავნილები აქტიურდება, რაც კურსს სასიკეთოდ დაეტყობა. თუ გავითვალისწინებთ იმასაც, რომ 2017 წლის ბიუჯეტი 2,50 კურსზეა გათვლილი, საკმაოდ მყარი არგუმენტი გვაქვს საამისოდ, რომ მარტში კურსი კიდევ რამდენიმე პუნქტით გამყარდეს.
კურსთან დაკავშირებით ეროვნული ბანკი კვლავ დუმილის პოზიციას არჩევს. ბანკების ასოციაციაში კი მიიჩნევენ, რომ ლარის გამყარების ტენდენცია გაგრძელდება, რამდენადაც კრიზისული სიტუაცია ლარმა დაძლია. ორგანიზაციის აღმასრულებელი დირექტორის გიორგი ცუცქირიძის შეფასებითაც, დღეს ფინანსური სტაბილურობა მიღწეულია.
"წლის ბოლოდან მოყოლებული ნეგატიური ტრენდი, პრაქტიკულად, დაძლეულია. საერთაშორისო ეკონომიკური კონიუნქტურა და ფუნდამენტური ფაქტორები გაუმჯობესებულია. ლარის კურსის გამყარებაზე ასევე დადებითად მოქმედებს, როგორც ბიუჯეტის შემოსავლებისა და ხარჯების დაბალანსება, ასევე ეროვნული ბანკის მიერ გატარებული მონეტარული პოლიტიკა.
რაც შეეხება ლარის შემდგომ გამყარებას, აქ ჩვენ უნდა ამოვიდეთ არა კურსის რომელიღაც ნიშნულის მიღწევის იდეაფიქსიდან და დავიწყოთ მსჯელობა, თუ რა ნიშნულია ყველაზე ოპტიმალური, მაგალითად, ავიღოთ სწორება 2,20 ნიშნულზე, არამედ უნდა გადავიდეთ ეფექტური გაცვლითი კურსის სტრატეგიაზე. იგი განისაზღვრება ლარის ქცევით ძირითადი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნების ვალუტების მიმართ",- ამბობს ცუცქირიძე.
სპეციალისტთა შეფასებით, ლარის გამყარება დამოკიდებულია იმაზე, თუ რა მიდგომა ექნება სებ-ს რეფინანსირების სესხებთან დაკავშირებით. თსუ-ს პროფესორი დავით ასლანიშვილი ეროვნულ ბანკს მოუწოდებს, რომ შეცვალოს პოლიტიკა და მოკლევადიანი რეფინანსირების თანხა გონივრულ საზღვრებში მოაქციოს.
"ლარმა გეზი გამყარებისკენ აიღო და ახლა მთავარია, ტენდენცია შენარჩუნდეს. მნიშვნელოვანი ფაქტორია მოკლევადიანი რეფინანსირების თანხის გონივრულ მაჩვენებლამდე დაყვანა. საინტერესო ინსტრუმენტია და დასაშვებ დონეზე უნდა მოხდეს მისი გამოყენება. საერთაშორისოდ აღებული სტანდარტით, რეფინანსირების თანხის მოცულობა 200-250 მლნ-ის ფარგლებს არ უნდა აღემატებოდეს, მაგრამ ამ მაჩვენებელს 4-ჯერ აჭარბებს. ბოლო სამი კვირაა მცირდება რეფინანსირების სესხების მოცულობა და ლარიც მყარდება.
მოვუწოდებ ეროვნულ ბანკს, რომ რეფინანსირების აუქციონის შედეგები ტექსტურად გამოაქვეყნოს საიტზე, როგორც ეს ხდებოდა 2016 წლის ივლისამდე და ნუ იფარგლება ინფორმაციის გადამალვით ექსელის ფაილებში. კარგი იქნება მეტი ტრანსფერენტულობის შეტანა "ბლუმბერგის" აუქციონში. სასურველია, რომ ინტერნეტში კონკრეტული ინფორმაციის გამოქვეყნება აღდგეს და მკვლევარებისთვისაც ანალიზის მეტი შესაძლებლობა გაჩნდება", - აცხადებს ასლანიშვილი და დასძენს, რომ არანაირი პრობლემა არაა, მომდევნო თვეში კურსი 2,50 ნიშნულამდე დასტაბილურდეს.
"2016 წლის ნოემბერში, როცა რეფინანსირების სესხის მოცულობა 1,1 მლრდ-ს აღწევდა, 2 თვეში 200 მლნ ლარამდე ჩამოიყვანეს. მაშინ მკვეთრად გამყარდა ლარი. ამ მაჩვენებელს დაუბრუნონ რეფინანსირების სესხი და კურსი თავისუფლად გამყარდება. შეწყვიტონ თამაში, თუ რომელიმე ბანკს ლიკვიდობის პრობლემა აქვს, სხვა ღონისძიებებით უმკურნალონ", - დასძენს ასლანიშვილი.
მოლოდინს, რომ გაზაფხულიდან კურსი საგრძნობლად გამყარდება, აფბა-ს ანალიტიკოსი ანდრია გვიდიანი იზიარებს, მისი ვარაუდით, ამ მხრივ დადებით გავლენას ტურისტული სეზონი მოახდენს.
"ინვესტიციების თვალსაზრისით რა მდგომარეობა გვექნება, რთულია წინასწარ თქმა. რაც შეეხება გამყარების ტენდენციას, სხვადასხვა ფაქტორითაა განპირობებული. ფსიქოლოგიური ფაქტორი მოიხსნა. ხალხში არასტაბილურობის განცდა აღარ არის და ამანაც გამოიწვია ლარის სტაბილურობა. გარდა ამისა, ექსპორტიც გაზრდილია, რამაც კურსზე დადებითად იმოქმედა. ტენდენცია თუ გაგრძელდება, ცხადია, კურსის გამყარებაც საგრძნობლად დაჩქარდება.
სავალუტო კურსის 2,50-მდე შემცირება მაკროეკონომიკურ მაჩვენებლებზეა დამოკიდებული. საშუალოვადიან პერიოდში მეტ პოზიტივს ველოდები. მაგალითად, ზაფხულში ტურისტული სეზონი თუ იქნება აქტიური, ერთ-ერთი მთავარი გამომწვევი ფაქტორი გახდება, რომ კურსი კიდევ უფრო გამყარდეს", - აცხადებს გვიდიანი.
განსხვავებული მოსაზრებისაა ექსპერტი მიხეილ თოქმაზიშვილი, რომელიც სავალუტო რყევას არ გამორიცხავს.
"კურსის სტაბილურობა დიდწილად დაკავშირებულია ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებებზე. თუ იქნება მოთხოვნა დოლარზე, სებ-ი თავის რეზერვებს გამოიყენებს. მკვეთრი გაუფასურება არ იქნება მოსალოდნელი, მაგრამ არც პირიქით ველოდები. ვფიქრობ, მერყევი კურსი გვექნება. მოხმარება შემცირებულია და ამან იმპორტზე იქონია გავლენა. ამ ეტაპზე ლარზე ნაკლები წნეხია და ეს კურსს აბალანსებს", - განმარტავს თოქმაზიშვილი.
მარი ჩიტაია
გაზეთი "რეზონანსი"