საქართველოში უკვე რამდენიმე თვეა დაბალბიუჯეტიანი ავიაბილეთების შეძენაა შესაძლებელი. შედეგად, ევროპაში მოგზაურობა მნიშვნელოვნად გაიაფდა. ახლახან საქართველომ ვიზალიბერალიზაცია მიიღო და საზოგადოებაში უკვე გაჩნდა მოსაზრება, რომ გაზრდილი მოთხოვნის პარალელურად, შეიძლება ავიაბილეთების ფასმა მოიმატოს. ამ მოსაზრებას allnews.ge-სთან საუბარში ტურისტული კომპანიებიც ადასტურებენ.
"რეისი რაც უფრო დატვირთულია, მეტად იმატებს ბილეთის ფასი. ამიტომ ვიზალიბერალიზაციის შემდეგ თუ მოთხოვნამ მოიმატა, ვვარაუდობთ, რომ შეიძლება ბილეთებიც გაძვირდეს. ჩვენ ველოდებით, რომ მოთხოვნაც გაიზრდება, რადგან გვქონია ბევრი შემთხვევა, როცა ჩვენს მოქალაქეებს ევროპაში მოგზაურობა უნდოდათ და ვიზის პრობლემის გამო ამას ვერ ახერხებდნენ. თუმცა, აქ მეორე მხარეც არის გასათვალისწინებელი. თუ მოთხოვნა იქნება, ფრენებიც დაემატება და ამან შეიძლება ავიაბილეთების ფასი დააბალანსოს," – განმარტავს Good Travel-ის ავიაბილეთების მენეჯერი მარიამ დანელია.
"ვიზალიბერალიზაციის შემდეგ საინფორმაციო ზარებმა იმატა. რეალურად ევროპის მიმართულებით ბილეთებზე მოთხოვნა თუ მნიშვნელოვნად გაიზრდება, დასაშვებია, რომ ბილეთების ფასმაც მოიმატოს. თუმცა აქ გასათვალიწინებელია, რომ ბილეთების გაყიდვების მნიშვნელოვანი მატება მხოლოდ ტურისტულ სეზონზე ფიქსირდება ხოლმე.
ვიზალიბერალიზაცია წინ გადადგმული დიდი ნაბიჯია, მაგრამ მხოლოდ ამას მოთხოვნის მკვეთრად ზრდა არ შეუძლია, რადგან ბევრი რამ მოქალაქეების ფინანსურ შესაძლებლობებზეა დამოკიდებული," - ამბობს fly.ge-ს დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი ინგა კურცხალია.
შეგახსენებთ, რომ 2 თებერვალს ევროპარლამენტმა საქართველოს ვიზალიბერალიზაციას მხარი დაუჭირა. საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის შემოღებას მხარდაჭერა ევროპარლამენტის 553-მა წევრმა გამოუცხადა, წინააღმდეგი 66 წავიდა, 28 დეპუტატმა კი თავი შეიკავა.
წყარო: ALLNEWS.GE