10 თებერვალს მაღალი იერარქიის სასულიერო პირის მკვლელობის მომზადების ბრალდებით დაკავებული დეკანოზის გიორგი მამალაძის წერილის შესახებ, რომლის ავთენტურობა ამ დრომდე არ არის დადგენილი, წყლის კომპანია „სნოში“ კომენტარს არ აკეთებენ.
საუბარია, ტელეკომპანია „რუსთავი2“-ის 13 თებერვალს გავრცელებულ წერილზე, რომელიც ტელეკომპანიის ცნობით, სავარაუდოდ, დეკანოზმა გიორგი მამალაძემ პატრიარქს რამდენიმე თვის წინ მისწერა.
წერილში საუბარია საპატრიარქოს შიგნით და მის გარეთ, ეკლესიების ქონებასა და ამ თვალსაზრისით არსებულ პრობლემებზე. ერთ-ერთი კომპანია, რომელთან დაკავშირებით მომხდარ უკანონო გარიგებებზეც დეკანოზი მედიაში გავრცელებულ წერილში საუბრობს - წყლის კომპანია „სნოა“.
„ამას დაემატა სნოს წყლის საკითხიც, რომელიც ასევე ბუნდოვანია, რომელშიც გარკვევა უშუალოდ თქვენმა უწმინდესობამ დამავალა. მოგეხსენებათ სნოს წყალი შეიქმნა 50-50% მონაწილეობით საპატრიარქოსა და ვ. ლიპარტიანის მონაწილეობით. მოგვიანებით 25 მლნ. საწარმოს 30 პროცენტი გასხვისდა 150 ლარად (იმ პირობით, რომ 3 თვეში ის ისევ საპატრიარქოს დაუბრუნდებოდა), მაგრამ გასული წლების მიუხედავად ქონება არ დაბრუნდა.... უწმინდესის დავალებით მოვითხოვეთ კუთვნილი 30% მაგრამ ამაოდ, რის შემდეგაც უწმინდესის გადაწყვეტილებით დარჩენილი 20% უსასყიდლოდ გადაეცა დანარჩენი 80%-ის მფლობელს. მაგრამ საზოგადოებისთვის სნოს წყალი ისევ ეკლესიის საკუთრებად რჩება, რადგან ზუსტად 1 წელია, გასხვისების მიუხედავად, საპატრიარქომ არ გააკეთა განცხადება დღეს არსებული 100% წილის მფლობელთა გულის მოსაგებად. ამ საკითხშიც ნათლად ჩანს უკანონო გარიგების ფაქტები,“- ნათქვამია წერილში.
როგორც „სნოში“ „ბიზნესპრესნიუსს“ განუცხადეს, აღნიშნულზე კომენტარის გაკეთებას არ აპირებენ.
„სნოს“ წყალს კომპანია „აქვა გეო“ აწარმოებს, რომელიც 2009 წელს შეიქმნა. საჯარო რეესტრის 2010 წლის 14 იანვრის მონაცემებით, კომპანიის 50%-50%-იან წილებს საქართველოს საპატრიარქო და ვახტანგ ლიპარტიანი ფლობდნენ. 2010 წლის 16 აპრილის მონაცემებით კი, ვახტანგ ლიპარტიანი კომპანიის 80%-იანი წილის მფლობელია, 20%-იან წილს კი კვლავინდებურად საპატრიარქო ფლობს. ამ პერიოდის განმავლობაში კომპანიის დირექტორის პოსტს დავით გიგაია იკავებდა.
2015 წლის 3 ნოემბრის მონაცემებით, საჯარო რეესტრში კომპანია „აქვა გეოს“ 100%-იანი წილის მფლობელად ვახტანგ ლიპარტიანია მოხსენიებული.
„აქვა გეოს“ გარდა, ვახტანგ ლიპარტიანი სხვა კომპანიებშიც ფლობს წილს. როგორიცაა : შპს „მეღვინეობა ხარება“; შპს „ვაჩნაძიანი“; შპს „ლუკია“. ამასთან, ბიზნესმენი „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი შემომწირველიც იყო. კერძოდ, 2014 წლის თებერვლის მდგომარეობით, ლიპარტიანს „ქართული ოცნებისთვის“ ჯამში 37 353 ლარი აქვს შეწირული.