რაგბის კლუბი "ბაგრატი", "კრწანისის ტყე-პარკი", ხაშმის ღვინის ქარხანა, 84 არასამეწარმეო იურიდიული პირი - საპატრიარქოს ქონება არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ 2014 წლის კვლევაში მოხვდა.
2014 წლის 5 სექტემბერს გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, ეკლესია უშუალოდ არ ეწევა სამეწარმეო საქმიანობას. თუმცა, საპატრიარქო 27 კომპანიას ფლობს, რომლებიც რამდენიმე სამეწარმეო სფეროში მოქმედებენ.
„მათ შორის წყლის ბიზნესი, განათლება და ა.შ. მათ შორისაა "აქვა გეო", რომელიც მინერალურ წყალ "სნოს" აწარმოებს. კომპანია 2009 წელს დარეგისტრირდა და საპატრიარქო ამჟამად მის 20%-ს ფლობს, დანარჩენი წილის მფლობელია ვახტანგ ლიპარტიანი. 2014 წლის თებერვალში ვახტანგ ლიპარტიანმა და მისმა ბიზნეს პარტნიორმა ალექსანდრე ხარებავამ პოლიტიკურ გაერთიანება "ქართულ ოცნებას" თითოეულმა 37,353 ლარი შესწირა. 2011 წლის იანვრამდე ხარებავა საქართველოს საპატრიარქოს კუთვნილი კრწანისის ტყე-პარკის დირექტორი იყო“, - ნათქვამია ორგანიზაციის კვლევაში.
როგორც „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ ანგარიშშია აღნიშნული, 2012 წლის დასაწყისიდან მოყოლებული "აქვა გეომ" სხვადასხვა სახელმწიფო უწყებაში ჩატარებულ 26 სამთავრობო სატენდერო კონკურსში გაიმარჯვა (სულ 45-ზე მეტ ტენდერში მონაწილეობდა), რომელთა საერთო ღირებულება 502,145 ლარს შეადგენს. აღნიშნულ ტენდერებთან ერთად 2012 წლის თებერვლიდან კომპანიას ტენდერების გარეშე, გამარტივებული შესყიდვის პროცედურის გამოყენებით, დამატებით კიდევ 166 სამთავრობო კონტრაქტი გაუფორმდა, რომელთა საერთო ღირებულება 200,000 ლარზე მეტს შეადგენს.
„საპატრიარქოს ეკუთვნის ასევე წმინდა მთავარანგელოზთა სახელობის დარიალის სამონასტრო კომპლექსის მშენებლობის ფონდი, რომელთანაც ინფრასტრუქტურის სამინისტროს საკუთრებაში არსებულმა "სახელმწიფო სამშენებლო კომპანიამ" 2 მილიონი ლარის საერთო ღირებულების ოთხი ხელშეკრულება გააფორმა. ხელშეკრულებათა უმეტესობა 2011 წლის პირველ ნახევარზე მოდის და მათგან უმსხვილესი (936,000 ლარი) ფონდს გამარტივებული შესყიდვების პროცედურების გზით მიენიჭა 2011 წლის 15 აგვისტოს.
„საპატრიარქოს საკუთარი ტელეკომპანიაც აქვს სახელად "ერთსულოვნება", ტელევიზიას თავის შესანახად საკმარისი სახსრები არ გააჩნია და სახელმწიფოსა და საპატრიარქოსაგან ფინანსდება. 2009 წლის თებერვალში მთავრობამ "ერთსულოვნებას" 300,000 ლარის ოდენობით დაფინანსება გამოუყო. საპატრიარქოს ასევე აქვს საკუთარი რადიო არხი – "ივერია".
„საპატრიარქოს საკუთრებაშია ოთხი საავადმყოფო: აქედან ორი - თერაპიული კლინიკა უპოვართათვის და მისი განვითარების ფონდი და წმინდა გიორგის სახელობის კარდიოლოგიური საავადმყოფოს განვითარების ფონდი, ჩვეულებრივი სავადმყოფოების სახით ფუნქციონირებს, მაგრამ არაკომერციულ ორგანიზაციებადაა რეგისტრირებული.
„დანარჩენი ორი საავადმყოფო, ერთი თბილისში – საქართველოს საპატრიარქოს წმინდა იოაკიმე და ანას სახელობის სამედიცინო ცენტრი, ხოლო მეორე ქუთაისში – ქუთაისის საეკლესიო საავადმყოფო – წმინდა დავით აღმაშენებლის სახელობის ქსენონი, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების სახითაა რეგისტრირებული. ორივე საავადმყოფო საპატრიარქოს პრივატიზაციის პროცესის ფარგლებში გადაეცა – პირველი 2007 წლის დეკემბერში სიმბოლურ ფასად – 1 აშშ დოლარად, ხოლო მეორე – 2000 წლის აპრილში უფასოდ.
„2000 წლიდან საქართველოს საპატრიარქოს საკუთრებას წარმოადგენს აგრეთვე წმინდა იოაკიმე და ანას სახელობის სამშობიარო სახლი, რომელიც სამედიცინო ცენტრს 2012 წლის ოქტომბერში შეუერთდა.
„საპატრიარქოს საკუთრებაში არსებული კომპანიების სამეწარმეო საქმიანობის ერთ-ერთი მიმართულებაა ორგანული საკვების წარმოება. ეკლესიას თბილისში აქვს ორი მაღაზია სახელწოდებით "მონასტრის ბარაქა". ეს მაღაზიები, მათივე მტკიცებით, საქართვველოს სხვადასხვა კუთხეში არსებულ სამონასტრო კომპლექსებში წარმოებული ორგანული საკვები პროდუქტებით ვაჭრობენ. 2014 წლის იანვარში "საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრმა" (არასამთავრობო ორგანიზაცია) ამ მაღაზიებში გაყიდვაში არსებული რძის პროდუქტების ნიმუშები აიღო, შესამოწმებლად 3 სხვადასხვა ლაბორატორიას ჩააბარა და დაადგინა, რომ ისინი ნამდვილი რძის პროდუქტები არ იყო.
„რაც შეეხება საპატრიარქოს საკუთრებაში არსებულ სხვა საწარმოებს, საპატრიარქოს ასევე ეკუთვნის რაგბის კლუბი "ბაგრატი" ქუთაისში, თბილისის სამხრეთით მდებარე "კრწანისის ტყე-პარკი", ხაშმის ღვინის ქარხანა კახეთში (1992 წ. თებერვლიდან), 11 სკოლა (შპს-ები) საქართველოს სხვადასხვა კუთხეში და 1 საბავშვო ბაღი ბათუმში.
საპატრიარქოს დაფუძნებული აქვს სულ მცირე 84 არასამეწარმეო იურიდიული პირი, მათ შორის 4 უნივერსიტეტი, 5 სასულიერო სემინარია, 25 სკოლა, 8 სოციალური დაწესებულება, 18 საქველმოქმედო და განვითარების ფონდი და 16 კულტურული და სულიერი განვითარების ცენტრი. ზოგიერთი მათგანის წესდებაში კომერციული საქმიანობა მითითებულია როგორც დამხმარე.
"საპატრიარქოს საკუთრებაშია საქართველოს სხვადასხვა კუთხეში არსებული ათამდე ბავშვთა სახლი, რომლებშიც 1 200-დან 1 500-მდე ბავშვი ცხოვრობს. არც ბავშვთა სახლების ზუსტი რაოდენობა და არც მათში არსებული ბავშვების მთლიანი რაოდენობაა ცნობილი, რადგან ისინი შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, სახალხო დამცველისა და ბავშვთა უფლებების საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციებისთვის, უმეტესწილად, ხელმიუწვდომელია. გარდა ამისა, ერთ-ერთი საერთაშორისო ორგანიზაციის შეფასებით, ამ დაწესებულებებში განთავსებულ ბავშვებში მაღალია ძალადობის რისკი. ხშირ შემთხვევაში მათ პირადობის დამდგენი სათანადო დოკუმენტებიც კი არ გააჩნიათ", - ნათქვამია „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ ანგარიშში.
საპატრიარქოს ქონება და მასთან დაკავშირებული დეტალები, განსაკუთრებით აქტუალური მას შემდეგ გახდა, რაც 13 თებერვალს ტელეკომპანია „რუსთავი 2“-მა გაავრცელა წერილი, რომელიც სავარაუდოდ, მაღალი იერარქიის სასულიერო პირის მკვლელობის მომზადების ბრალდებით დაკავებულმა დეკანოზმა გიორგი მამალაძემ პატრიარქს რამდენიმე თვის წინ მისწერა. თუმცა, აღსანიშნავია ისიც, რომ წერილის ნამდვილობა (ავთენტურობა) ამ დრომდე არ დადასტურებულა.
წერილში საუბარია საპატრიარქოს შიგნით და მის გარეთ, ეკლესიების ქონებასა და ამ თვალსაზრისით არსებულ პრობლემებზე. მამალაძე, რომელიც 2015 წელს ქონების მართვის სამსახურის უფროსი იყო, წერილში იმასაც აღნიშნავს, რომ 2015 წლის დეკემბრის სინოდის სხდომაზე, გარკვეული ჯგუფის მიერ ხელოვნურად იქნა დაბლოკილი მისი სამსახურის 3 თვიანი მუშაობის ანგარიშის წარდგენა.
„საქართველოს საპატრიარქოს 100 % წილით დაფუძნებული ორგანიზაციების სიაში აღმოჩნდა სამეწარმეო საქმიანობის განმახორციელებელი ორგანიზაციები (შპს), რომლებიც წლებია ეწევიან სხვადასხვა საქმიანობას: მაგ. ნავთობ პროდუქტების შემოტანა-რეალიზაცია-გადამუშავებას, არალეგალური ტექნიკური სპირტის წარმოება, სამშენებლო კომპანიები, რაგბის და სხვა სპორტული კლუბები და ა.შ. ასევე არასამეწარმეო არამომგებიანი იურიდიული ორგანიზაციები (ააიპ), რომლებიც კანონის უხეში დარღვევით ეწევიან სამეწარმეო საქმიანობას,“- ნათქვამია წერილში.