ლეგენდარული Nokia 3310 ბაზარზე ბრუნდება

17-წლიანი პაუზის შემდეგ ლეგენდარული მობილური ტელეფონი Nokia 3310 ბაზარზე ბრუნდება.

ფინური კომპანია HMD Global Oyj, რომელსაც „ნოკიაზე“ უფლებები 10 წლის ვადით აქვს შეძენილი, უახლოეს პერიოდში ლეგენდარული Nokia 3310-ის განახლებული ვერსიის წარდგენას გეგმავს. განახლებულ ვერსიას კომპანია ბარსელონაში გასამართ Mobile World Congress-ზე წარადგენს.

გავრცელებული ინფორმაციით, Nokia 3310 59 დოლარი ეღირება და პირველ ეტაპზე ხელმისწავდომი იქნება ევროპისა და ჩრდილოეთ ამერიკის ბაზრებისთვის.

გარდა ამისა, კომპანია HMD Global ახალ სმარტფონებსაც გამოუშვებს „ნოკიას“ ბრენდით, რომელთა ღირებულება 149 დოლარიდან დაიწყება.

Nokia 3310 ბაზარზე 2001 წელს გამოჩნდა და მისმა გაყიდვებმა ჯამში 126 მილიონი მოდელი შეადგინა მსოფლიოს მასშტაბით. მოხმარებელთა განცხადებით, Nokia 3310 ერთ-ერთი ყველაზე გამძლე კორპუსის მქონე მობილური ტელეფონი იყო, რომლის ელემენტიც დიდხანს ძლებდა.